July 5. “Alt-Info”-s “Hidden Hand”?!


5 ივლისი. „ალტ-ინფოს“ „უხილავი ხელი“?!

5 ივლისს განვითარებულმა ტრაგიკულმა დაპირისპირებამ და ძალადობამ, რის შედეგადაც ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა, ისედაც უკიდურესად გახლეჩილ და პოლარიზებულ ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირების კიდევ ერთი ფაქტორი გამოამჟღავნა. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 11 ივლისის შემდგომ, როცა ჯერჯერობით ბოლომდე დაუდგენელი მიზეზით გარდაიცვალა 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალებული ოპერატორი ლექსო ლაშქარავა.

ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ, საზოგადოებასთან ერთად, უკიდურესი რადიკალიზაციის რეჟიმში გადაიყვანა მედიაც, რომელმაც ოპოზიციურ ფლანგზე, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, თუმცა რადიკალიზაცია შეინიშნება „საპირისპირო ფლანგზეც“.

მაგალითად, თუ ოპოზიციურმა მასმედიამ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებისთვის პასუხისმგებლობა, ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე, უშუალოდ პრემიერ ღარიბაშვილს დააკისრა და რამდენიმე დღეა, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით გამოდის, პროსახელისუფლებო და, ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ უარყოფითად განწყობილი მედია ამ ხნის მანძილზე ასევე აქტიურად ცდილობდა გამოძიების დასრულებამდე დაემკვიდრებინა აზრი, თითქოს ლაშქარავა ნარკოტიკების ზედოზირებისგან გარდაიცვალა და 5 ივლისს მიღებულ დაზიანებებს მის სიკვდილში გადამწყვეტი როლი არ უთამაშია.

დაპირისპირების გამწვავება ხელისუფლების მომხრე და მოწინააღმდეგე მედიასაშუალებებს შორის არ არის ერთადერთი შედეგი, რომელიც 5 ივლისის მოვლენებს მოჰყვა. განვლილი ორი კვირის მანძილზე საზოგადოებაში აქტიურად ალაპარაკდნენ ულტრაკონსერვატიულ მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოზე“, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა 5 ივლისის კონტრაქციის მომზადებასა და მართვაში.

მართალია, „ალტ-ინფო“ ეთერში არ მაუწყებლობს და ინტერნეტშიც არაერთი შეზღუდვა აქვს დაწესებული, როგორც აღმოჩნდა, იგი მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინტერნეტაუდიტორიაზე და, მთლიანად, საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილ ნაწილზე.

მაუწყებლობის ფორმის სპეციფიკურობიდან და არასტაბილურობიდან გამომდინარე, იოლი არ არის, ეს გავლენა და რეიტინგი რიცხვებში გაიზომოს, მაგრამ იმას, რომ ეს პლატფორმა მართლაც კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, თავად „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები არ უარყოფენ. სწორედ მას აკისრებს პასუხისმგებლობას ოპოზიციის, მასმედიისა და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილიც.

ამ ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება რამდენიმე კითხვა. მათგან მთავარია: რას წარმოადგენს „ალტ-ინფო“, რა როლი ითამაშა მან 5 ივლისის მოვლენებში და, საერთოდ, რამ განაპირობა ქართულ მედიასივრცეში მისი გავლენის გაზრდა?

მითების დეტექტორის, ISFED-ისა და მედიის მონიტორინგზე, ლიბერალური ღირებულებების დაცვასა და რუსული პროპაგანდის კრიტიკაზე ორიენტირებული სხვა ორგანიზაციების გამოკვლევათა თანახმად, „ალტ-ინფო“ ანტიდასავლური, ანტილიბერალური, ჰომოფობიური და ქსენოფობიური სარედაქციო პოლიტიკის მქონე პლატფორმაა.

თავად „ალტ-ინფო“ თავს გვაცნობს, როგორც ინფორმაციისა და ანალიტიკის ალტერნატიული წყარო, სადაც შესაძლებელია გამოითქვას ის მოსაზრებები და პოზიციები, რომელთა გამოთქმის ნებასაც სხვაგან „ლიბერალური ცენზურა“ არ იძლევა.

ამ მხრივ, „ალტ-ინფოს“ გავლენის ზრდა შეიძლება დავუკავშიროთ თანამედროვე პოლიტკორექტულობის კრიტიკას, მასმედიის მიმართ ნდობის შემცირებას და საზოგადოებაში (განსაკუთრებით − მის კონსერვატიულ ნაწილში) ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროებზე მოთხოვნილების ზრდას, რაც ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეინიშნება, თუმცა მეორე მხრივ, როგორც დაკვირვება გვაჩვენებს, „ალტ-ინფოს“ შემთხვევაში პოლიტკორექტულობის უარყოფას ხშირად კორექტულობის უარყოფამდე და დემონსტრაციულად შეურაცხმყოფელ ლექსიკამდე მივყავართ (განსაკუთრებით, ლგბტქ-ის საკითხზე მიმდინარე დისკურსთან მიმართებაში).

რაც შეეხება ძალადობის გაღვივების საფრთხის შემცველსა და აგრესიულ რიტორიკას, განვლილი ორი კვირის განმავლობაში „ალტ-ინფოს“ ეთერში მართლაც ხშირად იყენებდნენ აგრესიულ ლექსიკას. ამ მხრივ, სამწუხაროდ, სხვა მედიასაშუალებებიც სცოდავენ, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ემოციებით მანიპულირება.

თუ დავაკვირდებით „ალტ-ინფოს“ ეთერსა და მოწოდებებს 5 ივლისის კონტრაქციისთვის მზადების დროს და მისი მიმდინარეობისას, ისინი რადიკალურად უარყოფითი დამოკიდებულებითა და აგრესიული გზავნილებით გამოირჩეოდა მათ მიმართ, ვისაც კონტრაქციის ორგანიზატორები საპირისპირო მხარედ მიიჩნევდნენ.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, პლატფორმის წარმომადგენელთა მტკიცებით, მათ არასდროს − არც ეთერში, არც აქციაზე − არ გამოუთქვამთ მოწოდება ჟურნალისტებზე თავდასხმისკენ. ამ თვალსაზრისით, შესაძლოა, მეტ ყურადღებას იმსახურებდეს ის გარემოება, რომ პოსტ-ფაქტუმ „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები არ გმობდნენ ძალადობის შემთხვევებს და მომხდარისთვის პასუხისმგებლობას, ფაქტობრივად, მთლიანად მეორე მხარესა და ჟურნალისტებს აკისრებდნენ.

კიდევ ერთი აქტუალური საკითხი „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებით, რომელიც 5 ივლისის შემდეგ მკაფიოდ გამოიკვეთა, ამ პლატფორმის საგარეოპოლიტიკური რიტორიკაა. „ალტ-ინფო“ და მისი მხარდამჭერები თანამედროვე დასავლურ კონსერვატიზმს საკუთარი ლეგიტიმაციის ერთ-ერთ წყაროდ წარმოაჩენენ, მაგრამ, ამავე დროს, სწორედ დასავლეთს აკისრებენ პასუხისმგებლობას მათთვის მიუღებელი იდეების „თავსმოხვევისთვის“.

ამ რიტორიკის კულმინაციად შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის დროშის დემონსტრაციული ჩამოხსნა და დაწვა პარლამენტის წინ, რაც, მათი თქმით, იყო პროტესტი დასავლეთის ქვეყნების საელჩოთა მიერ „ლგბტქ პრაიდის“ მხარდაჭერისთვის.

დღეს ხშირად გვესმის განცხადებები, რომ „ალტ-ინფო“ ალტერნატიული პოლიტიკური იდეების კი არა, რუსეთის ინტერესების გამომხატველი პლატფორმაა და მისი შინაარსის გავრცელება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. როგორიც უნდა იყოს „ალტ-ინფოს“ მომავალი, მედიაგარემოს კვლევის კუთხით უფრო საინტერესო ის არის, საიდან და რატომ ჩნდება საზოგადოების ნაწილში იმგვარი განწყობა, რომელსაც „ალტ-ინფო“ და მსგავსი პლატფორმები ეფექტიანად იყენებენ თავიანთი გავლენის გასაზრდელად.

ამ მხრივ საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს OC-Media-ს ჟურნალისტისა და ანალიტიკოსის, დომინიკ ცაგარას სტატია „მიჰყვება თუ არა საქართველო პოლონეთს გლობალურ მემარჯვენე რევოლუციაში“, რომელიც 9 ივლისს გამოქვეყნდა.

ავტორის აზრით, დღეს საზოგადოებაში ანტილიბერალური განწყობის გაღვივებისთვის რუსეთის ჩარევა სულაც აღარ არის აუცილებელი და ამის მაგალითია ორბანის უნგრეთი, ბოლსონაროს ბრაზილია, ტრამპის აშშ, კაჩინსკის პოლონეთი და ა.შ., რადგან ძნელი დასაჯერებელია, რომ, მაგალითად, მკვეთრად ანტირუსულად განწყობილ ვარშავაში მოსკოვს ლიბერალური ფასეულობებისთვის „ძირის გამოთხრა“ შეეძლოს.

შეჯამების სახით შეიძლება ვთქვათ, რომ „ალტ-ინფო“ არის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული, რადიკალური რიტორიკით გამორჩეული ულტრაკონსერვატიული პლატფორმა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 5 ივლისის მოვლენებში.

ამავე დროს, „ალტ-ინფოსა“ და, საერთოდ, კონსერვატიზმის რადიკალიზაციის ერთმნიშვნელოვნად რუსეთის ფაქტორით ახსნა ჰგავს სიტუაციის გამარტივების ცდას, სადაც უარყოფილია საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის რეალურად არსებული წინააღმდეგობები და დიალოგის წარმოების საჭიროება.

ფაქტია, რომ საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილს, ისევე როგორც ნებისმიერ დიდსა თუ მცირე საზოგადოებრივ ჯგუფს აქვს უფლება, შექმნას მედიაპლატფორმები და აწარმოოს თავისი პოლიტიკური ინტერესებისა და პოზიციების მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს ინტერესები და პოზიციები ისე გამოიხატოს, რომ პროცესმა რადიკალური ფორმები არ მიიღოს, არ გადაიზარდოს სხვა ჯგუფების ინტერესების უგულებელყოფაში და არ იქცეს მათ მიმართ აგრესიად.

სტატია იყო პირველად გამოქვეყნებული პლატფორმაზე მედიაკრიტიკა.

Tagged : / / / / / / / /

Enslaved


დატყვევებულნი.

11 დეკემბერს შეიკრიბება საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი და ამით, ფაქტობრივად, დასრულდება საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული საარჩევნო პროცესი. კენჭისყრის შედეგი უკვე ცნობილია და ამ შედეგებს პოლიტიკური ოპოზიციის გარდა ეჭვქვეშ არავინ აყენებს; შესაბამისად ერთადერთი ინტრიგა, რომელიც პარლამენტის შეკრების მომენტამდე არ კარგავს აქტუალობას, შემდეგია: შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში და, თუ შევა, კონკრეტულად რომელი პოლიტიკური ძალა და როდის?

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, აქტიურად არიან ჩართულნი მოლაპარაკების პროცესში და ამ წუთისთვის სავსებით შესაძლებელი ჩანს კონსენსუსის მიღწევა, რის შედეგადაც საკანონმდებლო ორგანოში ადრე თუ გვიან წარმოდგენილი უნდა იყოს ოპოზიციაც.

თუმცა დიპლომატიური კორპუსი სულაც არ არის ერთადერთი მოთამაშე, რომელიც გავლენას ახდენს მოლაპარაკების პროცესზე. მასში აქტიურად მონაწილეობენ „კრიტიკული“ (სინამდვილეში ოპოზიციური, პარტიული) მედიასაშუალებებიც, რომლებიც არათუ ხელს არ უწყობენ, არამედ, პირიქით, ყოველმხრივ ეწინააღმდეგებიან პარლამენტში ოპოზიციის შესვლას. ამ მიზნის მისაღწევად ისინი ელჩებთან ღია დაპირისპირებასაც არ ერიდებიან და მათ „ქართველი ერის საწინააღმდეგო“ ქმედებებში სდებენ ბრალს;

გარდა ამისა, დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ „კრიტიკული“ მედია იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა შედარებით პატარა და სუსტი ოპოზიციური პარტიები აიძულოს, უარი თქვან მოლაპარაკებაზე და არ შევიდნენ პარლამენტში. ზოგჯერ ეს ხორციელდება შანტაჟის მეშვეობით, რომ შესვლის შემთხვევაში „მოღალატეებისთვის“ დაიხურება ყველა ეთერი, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იარაღია თავიანთი მოსაზრებების ფართო საზოგადოებამდე მისატანად.

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შედარებით მცირე ოპოზიციური პარტიები, როგორებიცაა „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეები“, „ლელო“ და სხვა, დღემდე განიცდიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მთავარი განშტოების, „ევროპული საქართველოს“ ზეწოლას, რომელიც ძირითადად სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებების მეშვეობით ხორციელდება.

მეტიც: როგორც კი მიხეილ სააკაშვილმა მორიგი რევოლუცია „დააანონსა“ და, ფაქტობრივად, აუკრძალა ოპოზიციას მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლა, „მთავარმა არხმა“ ეს სტრატეგია დაუყოვნებლივ ასახა თავის სარედაქციო პოლიტიკაში. „მთავარ არხს“ არც ტვ „პირველი“ და „ფორმულა“ ჩამორჩნენ.

აღსანიშნავია „მოღალატეების“ მიმართ „ტაბულის“ მთავარი რედაქტორის აგრესიული რიტორიკაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ევროპულმა საქართველომ“ საბოლოოდ დაუჭირა მხარი პარლამენტის ბოიკოტირების იდეას. თუმცა ოპოზიციის „მედიაბულინგი“ არ ამოიწურება მხოლოდ იმ მედიასაშუალებებით, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან მის რომელიმე „განაყოფთან“ ასოცირდებიან.

„გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებზე“ და მათ შესაძლო „საფრთხეზე“ პირველად ტელეკომპანია „კავკასიის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ალაპარაკდა, თუმცა ნამდვილი „პრესინგი“ ოდნავ მოგვიანებით დაიწყო, როდესაც საქმეში ნიკა გვარამიას სახით „მძიმე არტილერია“ ჩაერთო.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე ოპოზიციონერმა ლიდერმა გარკვეულ საკითხებზე მხარეთა პოზიციების დაახლოებაზე ისაუბრა, „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში მყისვე გააზიარა ჯანგირაშვილის პოსტი და გაერთიანებულ ოპოზიციას შეახსენა, ხალხის ხმებით ვაჭრობა დაუშვებელიაო.

გვარამიასა და მისი „მთავარი არხის“ რიტორიკა კიდევ უფრო გამკაცრდა მას შემდეგ, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ერთგვარი პროტესტი და წინააღმდეგობის გაწევა სცადა. გვარამიამ მას მეტად აგრესიულად უპასუხა და, „სხვათა შორის“, პოლიტიკური პარტიის ლიდერს „საეთერო ბადის მათხოვარი“ უწოდა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეთერს, როგორც შანტაჟის ძირითად ინსტრუმენტს.

საბოლოოდ, ამ ეპიზოდის კულმინაციად შეიძლება ჩაითვალოს 8 დეკემბერს გასული გადაცემა „მთავარი აქცენტები“ ნიკა გვარამიასთან ერთად, სადაც გიორგი ვაშაძესა და არხის გენერალურ დირექტორს შორის დებატები გაიმართა. ამ გადაცემაში თვით დებატებზე უფრო ხმაურიანი და სკანდალური გამოდგა უშუალოდ გვარამიას მონოლოგი, სადაც მან საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებს „ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ“ მოქმედი ძალები უწოდა, ხოლო ელჩების რეკომენდაციების გათვალისწინება პოსტკოლონიალურ აზროვნებად და პოსტსაბჭოთა მენტალიტეტად გამოაცხადა.

ამ ერთ გადაცემაში იმდენი ანტიდასავლური განცხადება გაკეთდა, ნებისმიერ, თუნდაც დეკლარირებულად ევროსკეპტიკურ მედიასაშუალებას შეშურდებოდა, ხოლო ოპოზიციის მისამართით კიდევ ერთხელ და მკაფიოდ დაკონკრეტდა, რომ, თუ ვინმეს სურს „კრიტიკული“ მედიის ეთერი, ის უნდა დაემორჩილოს ამ ეთერის მესვეურებს და „ჭკუით“ მოიქცეს. ეს გზავნილი იმავე დღეს და იმავე არხზე, გადაცემა „დღის სტუმარში“ გააჟღერა მკვეთრად ანტისახელისუფლებო განწყობით გამორჩეულმა კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტისთვის მივიღეთ „კრიტიკული მედიის“ მიერ „დატყვევებული“ პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: თუ პარლამენტში შევა, მისთვის დაიხურება ოპოზიციური ტელევიზიების კარი, ხოლო თუ ბოიკოტის რეჟიმს გააგრძელებს, საშუალება მიეცემა, მომავალშიც აქტიურად გამოიყენოს ოპოზიციური ეთერი; თუმცა ამ შემთხვევაში ის ამოვარდება ლეგალური საპარლამენტო ცხოვრებიდან, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენებს.

სტატია იყო გამოქვეყნებული პლატფორმაზე მედიაკრიტიკა.

Tagged : / / / / / / /

“Imedi” TV Electoral Political Messages


„იმედის“ საარჩევნო პოლიტიკური ბადე.

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და, როგორც მოსალოდნელიც იყო, დღეს პოლიტიკური ძალები და მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებები ერთად აპროტესტებენ ან, პირიქით, იცავენ კენჭისყრის შედეგებს − გრძელდება ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაწყებული პროცესი: ტელევიზიებმა შექმნეს საკუთარი „პოლიტიკური ბადე“, რომელიც, ძირითადად, შეესაბამება მათი ფავორიტი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.

ამ მხრივ, განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩევიან ე.წ. „კრიტიკული“, სინამდვილეში კი ოპოზიციური ტელეკომპანიები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, პარტიულ არხებად ჩამოყალიბდნენ და პროპაგანდისთვის ლამის ყველა შესაძლო ხერხს იყენებენ. მაგრამ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო დელეგაციის (OSCE/ODIHR) ანგარიშში მიკერძოებული არხების ჩამონათვალში მოხვდა „იმედიც“, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობითა და ოპოზიციისადმი ასევე განსაკუთრებული კრიტიკულობით გამოირჩეოდა.

ცნობისთვის: 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა „იმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა, ტელეკომპანია არჩევნების დროს, ფაქტობრივად, საგანგებო სამაუწყებლო რეჟიმში გადადის და მწვავედ უპირისპირდება ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობას.

რას ნიშნავს საგანგებო რეჟიმი „იმედზე“, კარგად ჩანს თავად ტელეკომპანიის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაკეთდა: „წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება მეორე ტურის წინ, რადგან არჩევანის ერთ მხარეს ‘ნაციონალური მოძრაობა’ აღმოჩნდა. ტელეკომპანია ‘იმედმა’ და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს, რას ნიშნავს ხელისუფლებაში ‘ნაციონალური მოძრაობა’. ამიტომ ‘იმედი’ წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი.“

დაახლოებით ასეთივე იყო „იმედის“ მაუწყებლობის სულისკვეთება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც. ამ მოცემულობების გათვალისწინებით, საინტერესოა, თვალი გადავავლოთ „იმედის“ საარჩევნო პოლიტიკურ ბადეს და იმ გზავნილებს, რომელთა საშუალებითაც ტელეკომპანია დასახული მიზნის მიღწევას ცდილობდა.

წარმოდგენას ნებისმიერი არხის პოლიტიკურ დღის წესრიგზე ყველაზე უკეთ მისი საინფორმაციო გამოშვება გვიქმნის. ქვემოთ მოყვანილია „იმედის“ 29 ოქტომბრის საღამოს შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვების გეგმა, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია შევაფასოთ და განვაზოგადოთ, თუ რამდენად, როგორ და რა ტონალობაში აშუქებდა არხი წინასაარჩევნო პერიოდის აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს.

ტაბულა 1

აქვე შეგვიძლია, თვალი გადავავლოთ „იმედის“ საკვირაო საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემის, „იმედის კვირის“, ერთ-ერთი წინასაარჩევნო ეთერის გეგმასაც.

ტაბულა 2

ამ ცხრილებიდან გამომდინარე და, განსაკუთრებით, სიუჟეტების შინაარსისა და პათოსის შესწავლის შედეგად აშკარა ხდება, რომ თუ ე.წ. „კრიტიკული“ მედიასაშუალებები მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე „მსოფლიოს აღსასრულის“ სურათს გვიხატავდნენ, „იმედი“ იმავე დროს რეალობის შელამაზებულ, იდეალურთან მიახლოებულ სცენარს გვთავაზობდა და, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ „იმედზე“ ხელისუფლების კრიტიკაც გვხვდებოდა, ის მძლავრად იყო გადაფარული დადებითი შეფასებებით.

ასეთი ტაქტიკიდან გამომდინარე, „იმედის“ მაყურებელს, ალბათ, შეექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ, მართალია, ქვეყანაში არსებობს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ეს შეიძლება იყოს არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, არამედ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებისგან მიღებული მემკვიდრეობა ან, სულაც, ობიექტურად დაუძლეველი გარემოება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშკარა მიკერძოების მიუხედავად, „მთავარი არხისა“ და სხვა ოპოზიციური მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, „იმედი“ არ მიმართავდა ყალბი ინფორმაციის („ფეიკ-ნიუსის“) გავრცელებას, ხოლო პოლიტიკური პოზიციის დემონსტრირება შემოიფარგლებოდა იმის დამტკიცებაში, რომ წინა ხელისუფლების დაბრუნება დაუშვებელია და დღევანდელი პრობლემების დიდი ნაწილი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ „დამსახურებად“ უნდა ჩაითვალოს.

„იმედის“ წინასაარჩევნო სარედაქციო პოლიტიკის შეფასებისას, უდავოდ ცალკე უნდა გამოვყოთ დავით გარეჯის საკითხი, რადგან ამ თემამ არჩევნებამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში გამორჩეული ადგილი დაიკავა „იმედის“ ბადეში. გაშუქების ამგვარი ინტენსივობა, საკითხის ობიექტური მნიშვნელობის გარდა, ცხადია, მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული შეცდომებისა და დანაშაულის კიდევ ერთხელ შეხსენებასაც.

ამ პროპაგანდისტულ ამოცანასთან ერთად, გარეჯის თემის გაშუქებისას „იმედზე“ შეინიშნებოდა სხვა პრობლემებიც. მაგალითად, თხრობა მიმდინარეობდა უმეტესწილად მტკიცებით ფორმაში, რაც საზოგადოებაში ქმნიდა ნეგატიურ წინასწარგანწყობას და აგრესიას დავით გარეჯის საქმეში ბრალდებულების მიმართ, საზოგადოების ამგვარი განწყობა კი დაპატიმრებულ პირებს, ფაქტობრივად, ართმევს საკუთარი სახელის დაცვის შესაძლებლობას და ხელს უშლის სოციუმში მათ სამომავლო რეაბილიტაციას.

დაბოლოს, ცალკე უნდა განვიხილოთ და გავაანალიზოთ „იმედის“ წინასაარჩევნო ეთერებისთვის დამახასიათებელი ტენდენცია: სტუმრების იმგვარად შერჩევა, რომ გადაცემებში მაყურებელი, ფაქტობრივად, მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს ან ხელისუფლებისადმი დადებითად განწყობილ სახეებს ხედავდა.

ქვემოთ მოყვანილია ოთხი მთავარი პოლიტიკური გადაცემის („არენა“, „პოზიცია“, „ნამდვილი რიცხვები“ და „ფეისბურგი“) ძირითადი თემებისა და მოწვეული სტუმრების ჩამონათვალი 13 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, რომელიც ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „იმედი“ თავის ეთერს, ძირითადად, სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მის მხარდამჭერებს უთმობდა:

ტაბულა 3

სტატია იყო გამოქვეყნებული პლატფორმაზე მედიაკრიტიკა.

Tagged : / / / / /

From Political Party to NGO Sector and Back


პარტიიდან არასამთავრობო სექტორში და უკან.

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკა მედიაში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს. წამყვანმა არხებმა, ფაქტობრივად, უკვე წარმოადგინეს საეთერო ბადეში დაგეგმილი სიახლეები, რომლებიც კონკრეტულად არჩევნებზე იქნება ორიენტირებული და, მედიის მესვეურთა განმარტებით, საზოგადოებას არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

ამასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები საარჩევნო რეჟიმში იძულებული არიან, კიდევ უფრო შეუნიღბავად გამოამჟღავნონ თავიანთი სიმპათია-ანტიპათიები და ღიად ჩაებან წინასაარჩევნო კამპანიაში. აქედან გამომდინარე, ხილული გახდა და დადასტურდა ბევრი „უხილავი კავშირი“ მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, თუმცა მომავალი ორი თვის მანძილზე, სავარაუდოდ, კიდევ მეტ ლუსტრაციას უნდა ველოდეთ.

ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ტენდენცია, რომელიც მკაფიოს ხდის კავშირებს ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერთა შორის, რომლებიც აქტიურობენ არა მხოლოდ „პარტიული ხაზით“, არამედ ჩამოყალიბებული აქვთ მედიისა თუ სხვა სფეროებში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია.

ეს ორგანიზაციები, როგორც წესი, პარტიის „გაგრძელებას“ წარმოადგენენ და მათ შორის „კადრების გაცვლაც“ საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. „გაცვლითი“ პროცესები მეტწილად საარჩევნო პერიოდებში ხდება და ასე მოხდა ამჯერადაც. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ქართული არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი „ელიტარული“ წარმომადგენლის, ბათუ ქუთელიას შემოსვლა საეთერო ბადეში.

ქუთელია, რომელსაც მიხელ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა, ხოლო ერთ ხანს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედაც მუშაობდა, ამჟამად ერთ-ერთი ცნობილი და კარგად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ დირექტორია.

უცხოეთთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მას კარგი კავშირები აქვს დასავლეთში და, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, მას ნამდვილად შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საქართველოს პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის გაძლიერებაში, თუმცა, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი პარტიული მუშაკები არ არსებობენ და პარტიის ინტერესებს ისინი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ქუთელიას სახელს უკავშირდება ამ რამდენიმე თვის წინ გახმაურებული სკანდალი. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ბრალი დასდეს აშშ-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების ლობირებაში და იმაში, რომ „ატლანტიკური საბჭოს“ თანამდებობასა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სტატუსს ის პარტიული პიარკამპანიის საწარმოებლად იყენებდა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიმდინარე წლის 3 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უჩვენა 2019 წლის ოქტომბრით დათარიღებული ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯისსა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრობას“ შორის. ამ დოკუმენტში საკონტაქტო პირად სწორედ ბათუ ქუთელია იყო მითითებული.

საინტერესოა, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აშშ-ში საქართველოს საელჩო და უშიშროების საბჭო სწორედ ამ ორგანიზაციას უხდიდნენ ფულს საქართველოს ინტერესების ლობირებისთვის.

სხვათა შორის, ყოფილმა მმართველმა პარტიამ საკონტაქტო პირად ქუთელიას მითითება შეცდომად შეაფასა, ხოლო თავად ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ არ არის არცერთი პარტიის წევრი ან ლობისტი. აღსანიშნავია ისიც, რომ „ელიტარული“ არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლებმა ამ სკანდალს მოულოდნელი „უსიამოვნება“ უწოდეს და, ჩვეულებისამებრ, ყველა მხარეს მოუწოდეს, შეეწყვიტათ არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია. ამ გზავნილის მთავარი ადრესატი, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყო, რომელიც, მათი თქმით, მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა საზოგადოებაში არასამთავრობო სექტორისადმი უნდობლობის დასათესად.

მიუხედავად ყოფილი დიპლომატისა და პოლიტიკოსის მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის უარყოფისა, 31 აგვისტოს „მთავარ არხზე“ გასულმა ანონსმა ნათელი გახადა, რომ ქუთელია, შესაძლოა, ფორმალურად არ იყოს პარტიის წევრი, მაგრამ კვლავაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მუშაობს და მისი პოლიტიკური სიმპათიებიც ამ პარტიისა და მისი „მოძმე“ ტელეარხის მხარეზეა.

ცნობისთვის: „არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი“ ბათუ ქუთელია ახალ სამაუწყებლო სეზონში „მთავარ არხზე“ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან ერთად გაუძღვება ახალ გადაცემას − „მთავარი მსოფლიოში“. „მთავარი არხი“, მიხეილ სააკაშვილის ძირითადი მედიადასაყრდენისა და იმდროინდელი პროსახელისუფლებო ტელევიზიის, „რუსთავი 2“-ის პირდაპირი მემკვიდრე, დღეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს გამოხატავს.

კაცმა რომ თქვას, ბათუ ქუთელია არც აქამდე გამოირჩეოდა დაბალანსებული რიტორიკით და აქტიურად იყო ჩართული „მთავარი არხის“ საექსპერტო ანალიზში, რომელსაც ყოველთვის ერთი დასკვნა ჰქონდა: ქუთელიას შეფასებით, სააკაშვილის მთავრობა იყო პატრიოტული და პროდასავლური, ხოლო „ქართული ოცნება“ არის მოღალატეობრივი და პრორუსული ძალა.

ახლა, როდესაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, ანუ მწვავე პოლიტიკურ სეზონში, ბათუ ქუთელია მთავარი ოპოზიციური არხის სამაუწყებლო ბადეში აღმოჩნდა, საბოლოოდ გაირკვა, რომ მისი დროებითი „პარტიული ნეიტრალიტეტი“ მხოლოდ ფორმალური გადაწყვეტილება იყო იმისთვის, რომ არასამთავრობო სექტორის სახელით ეწარმოებინა არაპოპულარული პარტიის პოზიციების დაცვა. არჩევნებამდე ქართული საზოგადოება, სავარაუდოდ, კიდევ არაერთ პარტიულ მუშაკს აღმოაჩენს, ვინც ტაქტიკური მოსაზრებების გამო რაღაც ეტაპზე თავი არასამთავრობო სექტორს „შეაფარა“, მაგრამ იქიდანაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ პროპაგანდას აწარმოებდა.

სტატია იყო გამოქვეყნებული პლატფორმაზე მედიაკრიტიკა.

Tagged : / / / / / / / /
RussiaUSAGeorgia