“Imedi” TV Electoral Political Messages


„იმედის“ საარჩევნო პოლიტიკური ბადე.

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და, როგორც მოსალოდნელიც იყო, დღეს პოლიტიკური ძალები და მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებები ერთად აპროტესტებენ ან, პირიქით, იცავენ კენჭისყრის შედეგებს − გრძელდება ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაწყებული პროცესი: ტელევიზიებმა შექმნეს საკუთარი „პოლიტიკური ბადე“, რომელიც, ძირითადად, შეესაბამება მათი ფავორიტი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.

ამ მხრივ, განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩევიან ე.წ. „კრიტიკული“, სინამდვილეში კი ოპოზიციური ტელეკომპანიები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, პარტიულ არხებად ჩამოყალიბდნენ და პროპაგანდისთვის ლამის ყველა შესაძლო ხერხს იყენებენ. მაგრამ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო დელეგაციის (OSCE/ODIHR) ანგარიშში მიკერძოებული არხების ჩამონათვალში მოხვდა „იმედიც“, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობითა და ოპოზიციისადმი ასევე განსაკუთრებული კრიტიკულობით გამოირჩეოდა.

ცნობისთვის: 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა „იმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა, ტელეკომპანია არჩევნების დროს, ფაქტობრივად, საგანგებო სამაუწყებლო რეჟიმში გადადის და მწვავედ უპირისპირდება ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობას.

რას ნიშნავს საგანგებო რეჟიმი „იმედზე“, კარგად ჩანს თავად ტელეკომპანიის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაკეთდა: „წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება მეორე ტურის წინ, რადგან არჩევანის ერთ მხარეს ‘ნაციონალური მოძრაობა’ აღმოჩნდა. ტელეკომპანია ‘იმედმა’ და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს, რას ნიშნავს ხელისუფლებაში ‘ნაციონალური მოძრაობა’. ამიტომ ‘იმედი’ წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი.“

დაახლოებით ასეთივე იყო „იმედის“ მაუწყებლობის სულისკვეთება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც. ამ მოცემულობების გათვალისწინებით, საინტერესოა, თვალი გადავავლოთ „იმედის“ საარჩევნო პოლიტიკურ ბადეს და იმ გზავნილებს, რომელთა საშუალებითაც ტელეკომპანია დასახული მიზნის მიღწევას ცდილობდა.

წარმოდგენას ნებისმიერი არხის პოლიტიკურ დღის წესრიგზე ყველაზე უკეთ მისი საინფორმაციო გამოშვება გვიქმნის. ქვემოთ მოყვანილია „იმედის“ 29 ოქტომბრის საღამოს შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვების გეგმა, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია შევაფასოთ და განვაზოგადოთ, თუ რამდენად, როგორ და რა ტონალობაში აშუქებდა არხი წინასაარჩევნო პერიოდის აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს.

ტაბულა 1

აქვე შეგვიძლია, თვალი გადავავლოთ „იმედის“ საკვირაო საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემის, „იმედის კვირის“, ერთ-ერთი წინასაარჩევნო ეთერის გეგმასაც.

ტაბულა 2

ამ ცხრილებიდან გამომდინარე და, განსაკუთრებით, სიუჟეტების შინაარსისა და პათოსის შესწავლის შედეგად აშკარა ხდება, რომ თუ ე.წ. „კრიტიკული“ მედიასაშუალებები მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე „მსოფლიოს აღსასრულის“ სურათს გვიხატავდნენ, „იმედი“ იმავე დროს რეალობის შელამაზებულ, იდეალურთან მიახლოებულ სცენარს გვთავაზობდა და, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ „იმედზე“ ხელისუფლების კრიტიკაც გვხვდებოდა, ის მძლავრად იყო გადაფარული დადებითი შეფასებებით.

ასეთი ტაქტიკიდან გამომდინარე, „იმედის“ მაყურებელს, ალბათ, შეექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ, მართალია, ქვეყანაში არსებობს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ეს შეიძლება იყოს არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, არამედ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებისგან მიღებული მემკვიდრეობა ან, სულაც, ობიექტურად დაუძლეველი გარემოება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშკარა მიკერძოების მიუხედავად, „მთავარი არხისა“ და სხვა ოპოზიციური მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, „იმედი“ არ მიმართავდა ყალბი ინფორმაციის („ფეიკ-ნიუსის“) გავრცელებას, ხოლო პოლიტიკური პოზიციის დემონსტრირება შემოიფარგლებოდა იმის დამტკიცებაში, რომ წინა ხელისუფლების დაბრუნება დაუშვებელია და დღევანდელი პრობლემების დიდი ნაწილი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ „დამსახურებად“ უნდა ჩაითვალოს.

„იმედის“ წინასაარჩევნო სარედაქციო პოლიტიკის შეფასებისას, უდავოდ ცალკე უნდა გამოვყოთ დავით გარეჯის საკითხი, რადგან ამ თემამ არჩევნებამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში გამორჩეული ადგილი დაიკავა „იმედის“ ბადეში. გაშუქების ამგვარი ინტენსივობა, საკითხის ობიექტური მნიშვნელობის გარდა, ცხადია, მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული შეცდომებისა და დანაშაულის კიდევ ერთხელ შეხსენებასაც.

ამ პროპაგანდისტულ ამოცანასთან ერთად, გარეჯის თემის გაშუქებისას „იმედზე“ შეინიშნებოდა სხვა პრობლემებიც. მაგალითად, თხრობა მიმდინარეობდა უმეტესწილად მტკიცებით ფორმაში, რაც საზოგადოებაში ქმნიდა ნეგატიურ წინასწარგანწყობას და აგრესიას დავით გარეჯის საქმეში ბრალდებულების მიმართ, საზოგადოების ამგვარი განწყობა კი დაპატიმრებულ პირებს, ფაქტობრივად, ართმევს საკუთარი სახელის დაცვის შესაძლებლობას და ხელს უშლის სოციუმში მათ სამომავლო რეაბილიტაციას.

დაბოლოს, ცალკე უნდა განვიხილოთ და გავაანალიზოთ „იმედის“ წინასაარჩევნო ეთერებისთვის დამახასიათებელი ტენდენცია: სტუმრების იმგვარად შერჩევა, რომ გადაცემებში მაყურებელი, ფაქტობრივად, მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს ან ხელისუფლებისადმი დადებითად განწყობილ სახეებს ხედავდა.

ქვემოთ მოყვანილია ოთხი მთავარი პოლიტიკური გადაცემის („არენა“, „პოზიცია“, „ნამდვილი რიცხვები“ და „ფეისბურგი“) ძირითადი თემებისა და მოწვეული სტუმრების ჩამონათვალი 13 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, რომელიც ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „იმედი“ თავის ეთერს, ძირითადად, სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მის მხარდამჭერებს უთმობდა:

ტაბულა 3

სტატია იყო გამოქვეყნებული პლატფორმაზე მედიაკრიტიკა.

Tagged : / / / / /

From Political Party to NGO Sector and Back


პარტიიდან არასამთავრობო სექტორში და უკან.

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკა მედიაში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს. წამყვანმა არხებმა, ფაქტობრივად, უკვე წარმოადგინეს საეთერო ბადეში დაგეგმილი სიახლეები, რომლებიც კონკრეტულად არჩევნებზე იქნება ორიენტირებული და, მედიის მესვეურთა განმარტებით, საზოგადოებას არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

ამასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები საარჩევნო რეჟიმში იძულებული არიან, კიდევ უფრო შეუნიღბავად გამოამჟღავნონ თავიანთი სიმპათია-ანტიპათიები და ღიად ჩაებან წინასაარჩევნო კამპანიაში. აქედან გამომდინარე, ხილული გახდა და დადასტურდა ბევრი „უხილავი კავშირი“ მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, თუმცა მომავალი ორი თვის მანძილზე, სავარაუდოდ, კიდევ მეტ ლუსტრაციას უნდა ველოდეთ.

ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ტენდენცია, რომელიც მკაფიოს ხდის კავშირებს ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერთა შორის, რომლებიც აქტიურობენ არა მხოლოდ „პარტიული ხაზით“, არამედ ჩამოყალიბებული აქვთ მედიისა თუ სხვა სფეროებში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია.

ეს ორგანიზაციები, როგორც წესი, პარტიის „გაგრძელებას“ წარმოადგენენ და მათ შორის „კადრების გაცვლაც“ საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. „გაცვლითი“ პროცესები მეტწილად საარჩევნო პერიოდებში ხდება და ასე მოხდა ამჯერადაც. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ქართული არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი „ელიტარული“ წარმომადგენლის, ბათუ ქუთელიას შემოსვლა საეთერო ბადეში.

ქუთელია, რომელსაც მიხელ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა, ხოლო ერთ ხანს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედაც მუშაობდა, ამჟამად ერთ-ერთი ცნობილი და კარგად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ დირექტორია.

უცხოეთთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მას კარგი კავშირები აქვს დასავლეთში და, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, მას ნამდვილად შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საქართველოს პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის გაძლიერებაში, თუმცა, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი პარტიული მუშაკები არ არსებობენ და პარტიის ინტერესებს ისინი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ქუთელიას სახელს უკავშირდება ამ რამდენიმე თვის წინ გახმაურებული სკანდალი. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ბრალი დასდეს აშშ-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების ლობირებაში და იმაში, რომ „ატლანტიკური საბჭოს“ თანამდებობასა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სტატუსს ის პარტიული პიარკამპანიის საწარმოებლად იყენებდა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიმდინარე წლის 3 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უჩვენა 2019 წლის ოქტომბრით დათარიღებული ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯისსა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრობას“ შორის. ამ დოკუმენტში საკონტაქტო პირად სწორედ ბათუ ქუთელია იყო მითითებული.

საინტერესოა, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აშშ-ში საქართველოს საელჩო და უშიშროების საბჭო სწორედ ამ ორგანიზაციას უხდიდნენ ფულს საქართველოს ინტერესების ლობირებისთვის.

სხვათა შორის, ყოფილმა მმართველმა პარტიამ საკონტაქტო პირად ქუთელიას მითითება შეცდომად შეაფასა, ხოლო თავად ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ არ არის არცერთი პარტიის წევრი ან ლობისტი. აღსანიშნავია ისიც, რომ „ელიტარული“ არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლებმა ამ სკანდალს მოულოდნელი „უსიამოვნება“ უწოდეს და, ჩვეულებისამებრ, ყველა მხარეს მოუწოდეს, შეეწყვიტათ არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია. ამ გზავნილის მთავარი ადრესატი, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყო, რომელიც, მათი თქმით, მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა საზოგადოებაში არასამთავრობო სექტორისადმი უნდობლობის დასათესად.

მიუხედავად ყოფილი დიპლომატისა და პოლიტიკოსის მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის უარყოფისა, 31 აგვისტოს „მთავარ არხზე“ გასულმა ანონსმა ნათელი გახადა, რომ ქუთელია, შესაძლოა, ფორმალურად არ იყოს პარტიის წევრი, მაგრამ კვლავაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მუშაობს და მისი პოლიტიკური სიმპათიებიც ამ პარტიისა და მისი „მოძმე“ ტელეარხის მხარეზეა.

ცნობისთვის: „არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი“ ბათუ ქუთელია ახალ სამაუწყებლო სეზონში „მთავარ არხზე“ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან ერთად გაუძღვება ახალ გადაცემას − „მთავარი მსოფლიოში“. „მთავარი არხი“, მიხეილ სააკაშვილის ძირითადი მედიადასაყრდენისა და იმდროინდელი პროსახელისუფლებო ტელევიზიის, „რუსთავი 2“-ის პირდაპირი მემკვიდრე, დღეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს გამოხატავს.

კაცმა რომ თქვას, ბათუ ქუთელია არც აქამდე გამოირჩეოდა დაბალანსებული რიტორიკით და აქტიურად იყო ჩართული „მთავარი არხის“ საექსპერტო ანალიზში, რომელსაც ყოველთვის ერთი დასკვნა ჰქონდა: ქუთელიას შეფასებით, სააკაშვილის მთავრობა იყო პატრიოტული და პროდასავლური, ხოლო „ქართული ოცნება“ არის მოღალატეობრივი და პრორუსული ძალა.

ახლა, როდესაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, ანუ მწვავე პოლიტიკურ სეზონში, ბათუ ქუთელია მთავარი ოპოზიციური არხის სამაუწყებლო ბადეში აღმოჩნდა, საბოლოოდ გაირკვა, რომ მისი დროებითი „პარტიული ნეიტრალიტეტი“ მხოლოდ ფორმალური გადაწყვეტილება იყო იმისთვის, რომ არასამთავრობო სექტორის სახელით ეწარმოებინა არაპოპულარული პარტიის პოზიციების დაცვა. არჩევნებამდე ქართული საზოგადოება, სავარაუდოდ, კიდევ არაერთ პარტიულ მუშაკს აღმოაჩენს, ვინც ტაქტიკური მოსაზრებების გამო რაღაც ეტაპზე თავი არასამთავრობო სექტორს „შეაფარა“, მაგრამ იქიდანაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ პროპაგანდას აწარმოებდა.

სტატია იყო გამოქვეყნებული პლატფორმაზე მედიაკრიტიკა.

Tagged : / / / / / / / /
RussiaUSAGeorgia