“Kremlin” Imedi versus “Fake Mtavari Channel”


„კრემლისტური“ იმედი „ყალბი მთავარი არხის“ წინააღმდეგ.

ქართული მედია რომ უკიდურესად პოლიტიზებულია, კარგა ხანია ცნობილია. იმდენადაც პოლიტიზებული, რომ მედიაზე დაკვირვებით შეგვიძლია შევისწავლოთ არა მხოლოდ მედიაბაზარი, არამედ ქვეყანაში წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრი და დამოკიდებულება ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის.

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მწვავდება დაპირისპირება პოლიტიკურ „ბრძოლის ველზე“, სადაც განსაკუთრებული გაშმაგებით ეპაექრებიან ერთმანეთს მმართველი გუნდი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მედიასივრცეში ეს წინააღმდეგობა ყველაზე თვალსაჩინოდ ვლინდება „იმედისა“ და „მთავარი არხის“ კონკურენციაში, რომელიც ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებისთანავე ლამის გამოცხადებულ „მედიაომად“ გადაიქცა: ერთიცა და მეორეც აქტიურად ჩაერთო წინასაარჩევნო რბოლაში თავისთვის სასურველი პოლიტიკური გუნდის მხარდასაჭერად.

მიუხედავად იმისა, რომ „იმედისა“ და „მთავარი არხის“ ურთიერთობა განსაკუთრებული კოლეგიალურობით არც აქამდე გამოირჩეოდა, „ომის“ ახალი ტალღის დაწყების მაუწყებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ 11 სექტემბერს „იმედის“ ეთერით გაშვებული პრომოკლიპი: სწრაფად მოძრავი ულტრათანამედროვე მატარებელი, რომელშიც სხედან საქმიანი „იმედის“ ჟურნალისტები და მოძველებული, ტექნიკურად გაუმართავი ე.წ. „დრეზინა“ წარწერით „ფეიკ-ნიუსი“ (ყალბი ახალი ამბავი), რომელსაც ერთი კაცი მართავს. კლიპში ულტრათანამედროვე მატარებელი სიმბოლურად, ცხადია, თავად „ტელეიმედს“ განასახიერებს, ხოლო „დრეზინასა“ და მის „ეკიპაჟში“, მაყურებელმა „მთავარი არხი“ და მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ამოიცნო“.

სწორედ ასე დაინახეს და გაიგეს „იმედის“ კლიპი „მთავარ არხზეც“ და 13 სექტემბერს, გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გვარამიამ საპასუხო სატირული ვიდეორგოლი წარმოადგინა. მასში „იმედის მატარებელი“ მიქრის და ჩერდება კრემლთან, სადაც მას რუსული (უფრო სწორად, საბჭოთა) მუსიკით ეგებებიან.

ზედაპირული ანალიზიც კმარა საიმისოდ, რომ დავასკვნათ: „იმედისა“ და „მთავარი არხის“ რგოლები გამოხატავენ არა მხოლოდ ბანალურ კონკურენციას ორ სატელევიზიო არხს შორის, არამედ გვიჩვენებენ სტერეოტიპულ „მესიჯბოქსებს“, რომლებსაც ეს მედიასაშუალებები ხშირად იყენებენ საზოგადოებასთან კომუნიკაციის პროცესში: კერძოდ, თუ ხელისუფლებას რადიკალურად აკრიტიკებ, ხარ „ყალბი“, ხოლო თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ გსურს, ხარ „კრემლისტური“.

„იმედისა“ და „მთავარი არხის“ დაპირისპირებას კიდევ უფრო ამძაფრებს უშუალოდ ამ ორგანიზაციების ისტორია და კონკრეტული პირების ბიოგრაფიები. „ტელეიმედი“ არის მედიასაშუალება, რომელმაც საკუთარ ტყავზე იწვნია ყოფილი სახელისუფლებო პარტიის სრულმასშტაბიანი თავდასხმა. 2007 წელს ის ჯერ დაარბიეს, შემდეგ კი უკანონოდ და უსამართლოდ გადასცეს უცხო პირს და „რიგით“ პროსახელისუფლებო არხად აქციეს.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ამ პროცესის „ახსნა“ (უფრო სწორად კი „გამართლება“) მაშინ სწორედ იმ ადამიანებმა იკისრეს, ვინც დღესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ მედიასაშუალებებში (და მათ შორის „მთავარ არხზე“) საქმიანობს. ამ პრეისტორიის გათვალისწინებით ლოგიკური ჩანს „იმედის“ განსაკუთრებული ანტიპათია და სიფრთხილე „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ისევე როგორც იოლად აიხსნება მისი დამოკიდებულება „მთავარი არხისადმი“.

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ „იმედის“ თანამშრომლებს აღარ სურთ პოლიტიკურ და ტელესამაუწყებლო ძალაუფლებაში იმ ადამიანთა ხილვა, ვინც არაერთხელ გათელა ფეხქვეშ კანონიც, სიტყვის თავისუფლებაც და ბევრი სხვა დემოკრატიული ღირებულებაც. ამავდროულად, აშკარაა ისიც, რომ „იმედის“ რიტორიკა სულ უფრო უხეში და ხისტი ხდება არა მხოლოდ „მთავარი არხის“, არამედ, საზოგადოდ, ყოველგვარი კრიტიკის მიმართ, რომელსაც ობიექტური საფუძველიც შეიძლება ჰქონდეს.

„მთავარი არხის“ სიუჟეტების უმეტესობა სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი ანტისახელისუფლებო საინფორმაციო მანიპულაცია, ხშირად ტყუილიც, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად არის განწყობილი, რასაც მედიის მხრიდან უდავოდ ესაჭიროება გაშუქება, გაანალიზება და მიმოხილვა. ამ მოთხოვნას „იმედი“ ჯეროვნად ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც ოპოზიციურად განწყობილი აუდიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ყურადღებას მას ართმევს ფსევდოკრიტიკული, რადიკალურად ოპოზიციური და, შეიძლება ითქვას, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელეკომპანია.

რაც შეეხება ამ უკანასკნელს, „მთავარი არხი“ დღემდე იმ პოლიტიკას მისდევს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას იმდროინდელ „რუსთავი 2“-ზე ჩამოყალიბდა და რომელიც გამოიხატება მარტივი ფორმულით: „ვინც ჩვენი მომხრე არ არის, რუსეთის აგენტია“. სწორედ ამ ბანალური ფორმულის გამოხატულება იყო „იმედის“ კლიპზე „მთავარი არხის“ პასუხიც.

თუმცა სხვას, ალბათ, არც არავინ ელოდა არხისგან, რომელსაც გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე მართავს. ეს სწორედ ის ნიკა გვარამიაა, რომელიც თავის დროზე მთელს პოლიტიკურ ოპოზიციას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებდა ბრალს, ხოლო მისი „მოკავშირე“ ჟურნალისტების უმრავლესობა ამ პოლიტიკას ყალბი ინფორმაციებისა თუ დამონტაჟებული აუდიო/ვიდეოჩანაწერების გავრცელებით ამართლებდა და „აფორმებდა“.

როგორც ჩანს, ვერც ნიკა გვარამია, ვერც „მთავარი არხი“ და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მიმხვდარან, რომ საზოგადოება გადაიღალა კრემლით დაშინებით, გაიგო, რომ ასეთ ბრალდებებს დიდი ყურადღება არ უნდა მიაქციოს, რადგან ოდესღაც სამშობლოს „მოღალატეები“ და „პატრიოტები“ ნებისმიერ დროს შეიძლება დამეგობრდნენ. ამის მაგალითად გამოდგება „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მეგობრობა შალვა ნათელაშვილთან, რომელიც ერთ დროს გვარამიამ პირდაპირ ეთერში გამოაცხადა რუსეთის აგენტად.

„მთავარი არხი“ ერთგვარი მინიატურული სიმბოლო და შეხსენებაა იმისა, როგორი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და მისი „ერთგული“ მედიის მიდგომა განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებისადმი: ცილისწამება და მათი გამოცხადება სამშობლოს მოღალატეებად.

„იმედისა“ და „მთავარი არხის“ დაპირისპირებაში კი წაგებული და ყველაზე მეტად დაზარალებული ისევ საზოგადოებაა, რომელიც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე, სავარაუდოდ, ორ სტერეოტიპულ ნარატივს შორის იქნება მოქცეული.

სტატია იყო გამოქვეყნებული პლატფორმაზე მედიაკრიტიკა.

Tagged : / / / / / / /

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

RussiaUSAGeorgia