კატეგორიის არქივი: სიახლეები

საზოგადოებრივ ცენტრში საჯარო ლექცია: „ქართუ – რუსული ურთიერთობები აშშ-სა და ევროპის კონტექსტში“ გაიმართა

27 აპრილს, თბილისში, ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ – რუსულ საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა მეცნიერ მკვლევარისა და სისტემური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის თანადამფუძნებლის, არჩილ სიხარულიძის ლექცია, თემაზე: „ქართულ – რუსული ურთიერთობები აშშ-სა და ევროპის კონტექსტში“.

ლექციის მიზანი იყო ქართულ-რუსული ურთიერთობების სხვადასხვა ჩარჩოში მიმოხილვა. კერძოდ, ხაზი გაესვა იმას, რომ არსებობს საერთაშორისო, რეგიონალური, დიდი რეგიონალური, ბლოკური და გლობალური ჩარჩოები. თითოეული ეს განზომილება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს თბილისს და მოსკოვს შორის ურთიერთობებზე. ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიდ რეგიონალურ ჩარჩოს – საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა; აგრეთვე, გლობალურ განზომილებას – აშშ-საქართველოსა და საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები.

სიხარულიძის მტკიცებით, ქართულ-რუსული ურთიერთობები შეიძლება დაიყოს რამდენიმე პერიოდად: 1. საერთაშორისო ურთიერთობები – ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის მმართველობის წლები, როდესაც თბილისი პირდაპირ ელაპარაკებოდა მოსკოვს; 2. წინა გლობალური ჩარჩო – 1999-2006წწ., როდესაც ედუარდ შევარდნაძემ პირველად დააკაკუნა ნატო-ს კარზე. შემდეგ ადგილი ჰქონდა ე.წ. ვარდების რევოლუციას, მიხეილ სააკაშვილის რუსეთთან „გადატვირთვის“ წარუმატებელ პოლიტიკას და ჯაშუშების სკანდალს. საბოლოო წერტილი ქართულ-რუსული ურთიერთობების – საერთაშორისო ჩარჩოში განხილვა დასრულდა მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთისგან ენერგოუსაფრთხოების კუთხით დამოუკიდებლობის მოპოვება გადაწყვიტა; 3. გლობალური ჩარჩო – მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი გახლდათ დასავლეთის და დასავლური ინსტიტუტის ჩართვა ქართულ-რუსულ დაპირისპირებაში. ამ პოლიტიკის შედეგად, ქართულ-რუსული ურთიერთობები გლობალურ კონტექსტში განხილვა დაიწყო, როდესაც კრემლს დაუპირისპირდა არა თბილისი, არამედ ე.წ. გაერთიანებული დასავლეთი. ამასთანავე, ნათელია, რომ მნიშვნელოვანი როლი ეკავა აშშ-სა და ნატო-ს; 4. დიდი რეგიონალური ჩარჩო – 2008 წელს ნიკოლა სარკოზის ინიციატივამ ევროკავშირი რეგიონალური პოლიტიკის მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცია. მკვლევარების აზრით, სწორედ რომ ამ პერიოდიდან შეიძლება ჩავთვალოთ ევროკავშირი, როგორც მეტ-ნაკლებად წონად პოლიტიკურ ძალად; 5. საერთაშორისო პლატფორმაზე დაბრუნება – 2012 წლიდან კოალიცია ქართული ოცნების მიზანი იყო ქართულ-რუსულ ურთიერთობების კვლავ ინტერ-სახელმწიფოებრივ ჩარჩოში დაბრუნება, როდესაც საქართველოში არსებული კონფლიქტები სტრატეგიული მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვან თემად რჩებოდა, თუმცა საქართველო აღარ იყო ამ ორი დიდი ბლოკის – დასავლეთი და რუსეთი – დაპირისპირების ქვაკუთხედი. ამის ნათელი მაგალითია, ერთის მხრივ, ახალი პლატფორმის აბაშიძე-კარასინის ჩამოყალიბება, ხოლო მეორეს მხრივ, ე.წ. ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება.

ლექციაზე ცალკე აღინიშნა ის, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობა არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში, რადგან იგი უფრო რეფორმებსა და ფინანსურ თანამშრომლობაში გამოიხატება. ამასთანავე, კრემლი განსაკუთრებით ეწინააღმდეგება აშშ-სა და ნატო-ს როლის ზრდას არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ, ზოგადად, მთელ რეგიონში. მოსკოვის ვაშინგტონისადმი ანტიპატია გამოწვეულია მათი გლობალურ პოლიტიკაში დაპირისპირებით და საქართველოს, როგორც „ახლო სამეზობლოთი“, რუსეთის „სასიცოცხლო სივრცით“ განხილვით. ცალკე განხილვის თემაა ნატო, რომელიც რუსეთის ფედერაციის რიგითი მოქალაქის მიერ აღიქმება, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სამხედრო ბლოკი. ამ ბლოკის მიზანია დაასუსტო და დაამციროს ქვეყანა, ისე, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხდა. გარდა ამისა, ადგილი აქვს ისტორიულ წყენას ამერიკასა და ნატო-ზე. ამერიკაზე, რადგან მან არ გაუწოდა რუსეთის განადგურებულ ეკონომიკას ე.წ. მარშალის გეგმის ახალი ვერსია, ხოლო ნატო-ზე, რადგან მან დაარღვია ვერბალური დაპირება, რომ არ მოხდება ჩრდილოეთ-ატლანტიკური ორგანიზაციის აღმოსავლეთით გაფართოება.

არჩილ სიხარულიძემ დასძინა, რომ დღევანდელი საგარეო პოლიტიკა სრულ შესატყვისობაშია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეებისა და თბილისის ინტერესებთან. ქართული მხარე არ არის დაინტერესებული იმაში, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ზრდადი დაპირისპირება აისახებოდეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე. ქართული მხარე უნდა აქტიურად იყენებდეს დასავლეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს მოსკოვთან ურთიერთობებში, თუმცა, არარსებობს იმის საჭიროება და მოთხოვნაც, რომ თბილისის იყოს ან გახდეს კრემლთან ბრძოლის ფორპოსტი.

ექსპერტის მოხსენების შემდგომ შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ორიგინალი ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.