კატეგორიის არქივი: საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

“იანუკოვიჩმა ამაზე ინანა”. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასკვნები

ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ქალაქ ბრიუსელში ინიციატივის ათი წლისთავის აღსანიშნავად. რია ნოვოსტი-ს ჟურნალისტი, გალია იბრაგიმოვა ადგილობრივი ექსპერტების დახმარებით აჯამებს მიღწევებსა და წარუმატებლობებს.

იხილეთ სტატია რუსულ ენაზე აქ.

ნატო-ს “ფუჭი საუბარი”

2019 წლის 26 მარტს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. იგი შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. წესისამებრ, სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ალიანსის დაპირება, რომ საქართველო გახდება სამხედრო ბლოკის წევრი. თუმცა, ეს შეხვედრა უფრო ყოველწლიური ტრადიციის ნაწილია და დაპირებების მიღმა არაფერი დგას.

წაიკითხეთ დამატებით ინგლისურ ენაზე აქ.

საქართველოს ჩრდილოეთ მაკედონიური ოცნება

საბერძნეთსა და მაკედონიას შორის მოხდა ხანგრძლივი დაპირისპირების გადაჭრა, რამაც ჩრდილოეთ მაკედონიური რესპუბლიკა ნატო-შუ გაწევრიანების გზაზე დააყენა. ოფიციალურ პირებს საქართველოში გაუჩნდათ იმედი, რომ მალე სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოც გახდება ორგანიზაციის წევრი. ამასთანავე, მაკედონიის მაგალითი სავარაუდოდ ვერ გამოდგება პრეცედენტად.

დამატებით იხილეთ ტექსტი ინგლისურ ენაზე აქ.

საზოგადოებრივ ცენტრში საჯარო ლექცია: „ქართუ – რუსული ურთიერთობები აშშ-სა და ევროპის კონტექსტში“ გაიმართა

27 აპრილს, თბილისში, ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ – რუსულ საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა მეცნიერ მკვლევარისა და სისტემური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის თანადამფუძნებლის, არჩილ სიხარულიძის ლექცია, თემაზე: „ქართულ – რუსული ურთიერთობები აშშ-სა და ევროპის კონტექსტში“.

ლექციის მიზანი იყო ქართულ-რუსული ურთიერთობების სხვადასხვა ჩარჩოში მიმოხილვა. კერძოდ, ხაზი გაესვა იმას, რომ არსებობს საერთაშორისო, რეგიონალური, დიდი რეგიონალური, ბლოკური და გლობალური ჩარჩოები. თითოეული ეს განზომილება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს თბილისს და მოსკოვს შორის ურთიერთობებზე. ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიდ რეგიონალურ ჩარჩოს – საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა; აგრეთვე, გლობალურ განზომილებას – აშშ-საქართველოსა და საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები.

სიხარულიძის მტკიცებით, ქართულ-რუსული ურთიერთობები შეიძლება დაიყოს რამდენიმე პერიოდად: 1. საერთაშორისო ურთიერთობები – ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის მმართველობის წლები, როდესაც თბილისი პირდაპირ ელაპარაკებოდა მოსკოვს; 2. წინა გლობალური ჩარჩო – 1999-2006წწ., როდესაც ედუარდ შევარდნაძემ პირველად დააკაკუნა ნატო-ს კარზე. შემდეგ ადგილი ჰქონდა ე.წ. ვარდების რევოლუციას, მიხეილ სააკაშვილის რუსეთთან „გადატვირთვის“ წარუმატებელ პოლიტიკას და ჯაშუშების სკანდალს. საბოლოო წერტილი ქართულ-რუსული ურთიერთობების – საერთაშორისო ჩარჩოში განხილვა დასრულდა მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთისგან ენერგოუსაფრთხოების კუთხით დამოუკიდებლობის მოპოვება გადაწყვიტა; 3. გლობალური ჩარჩო – მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი გახლდათ დასავლეთის და დასავლური ინსტიტუტის ჩართვა ქართულ-რუსულ დაპირისპირებაში. ამ პოლიტიკის შედეგად, ქართულ-რუსული ურთიერთობები გლობალურ კონტექსტში განხილვა დაიწყო, როდესაც კრემლს დაუპირისპირდა არა თბილისი, არამედ ე.წ. გაერთიანებული დასავლეთი. ამასთანავე, ნათელია, რომ მნიშვნელოვანი როლი ეკავა აშშ-სა და ნატო-ს; 4. დიდი რეგიონალური ჩარჩო – 2008 წელს ნიკოლა სარკოზის ინიციატივამ ევროკავშირი რეგიონალური პოლიტიკის მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცია. მკვლევარების აზრით, სწორედ რომ ამ პერიოდიდან შეიძლება ჩავთვალოთ ევროკავშირი, როგორც მეტ-ნაკლებად წონად პოლიტიკურ ძალად; 5. საერთაშორისო პლატფორმაზე დაბრუნება – 2012 წლიდან კოალიცია ქართული ოცნების მიზანი იყო ქართულ-რუსულ ურთიერთობების კვლავ ინტერ-სახელმწიფოებრივ ჩარჩოში დაბრუნება, როდესაც საქართველოში არსებული კონფლიქტები სტრატეგიული მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვან თემად რჩებოდა, თუმცა საქართველო აღარ იყო ამ ორი დიდი ბლოკის – დასავლეთი და რუსეთი – დაპირისპირების ქვაკუთხედი. ამის ნათელი მაგალითია, ერთის მხრივ, ახალი პლატფორმის აბაშიძე-კარასინის ჩამოყალიბება, ხოლო მეორეს მხრივ, ე.წ. ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება.

ლექციაზე ცალკე აღინიშნა ის, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობა არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში, რადგან იგი უფრო რეფორმებსა და ფინანსურ თანამშრომლობაში გამოიხატება. ამასთანავე, კრემლი განსაკუთრებით ეწინააღმდეგება აშშ-სა და ნატო-ს როლის ზრდას არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ, ზოგადად, მთელ რეგიონში. მოსკოვის ვაშინგტონისადმი ანტიპატია გამოწვეულია მათი გლობალურ პოლიტიკაში დაპირისპირებით და საქართველოს, როგორც „ახლო სამეზობლოთი“, რუსეთის „სასიცოცხლო სივრცით“ განხილვით. ცალკე განხილვის თემაა ნატო, რომელიც რუსეთის ფედერაციის რიგითი მოქალაქის მიერ აღიქმება, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სამხედრო ბლოკი. ამ ბლოკის მიზანია დაასუსტო და დაამციროს ქვეყანა, ისე, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხდა. გარდა ამისა, ადგილი აქვს ისტორიულ წყენას ამერიკასა და ნატო-ზე. ამერიკაზე, რადგან მან არ გაუწოდა რუსეთის განადგურებულ ეკონომიკას ე.წ. მარშალის გეგმის ახალი ვერსია, ხოლო ნატო-ზე, რადგან მან დაარღვია ვერბალური დაპირება, რომ არ მოხდება ჩრდილოეთ-ატლანტიკური ორგანიზაციის აღმოსავლეთით გაფართოება.

არჩილ სიხარულიძემ დასძინა, რომ დღევანდელი საგარეო პოლიტიკა სრულ შესატყვისობაშია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეებისა და თბილისის ინტერესებთან. ქართული მხარე არ არის დაინტერესებული იმაში, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ზრდადი დაპირისპირება აისახებოდეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე. ქართული მხარე უნდა აქტიურად იყენებდეს დასავლეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს მოსკოვთან ურთიერთობებში, თუმცა, არარსებობს იმის საჭიროება და მოთხოვნაც, რომ თბილისის იყოს ან გახდეს კრემლთან ბრძოლის ფორპოსტი.

ექსპერტის მოხსენების შემდგომ შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ორიგინალი ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები მხოლოდ რუსეთით არ არის განპირობებული

ქართველების უმრავლესობისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების უკან ცალსახად რუსეთი დგას. მსგავსი ჩიხური აზროვნებიდან გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოცდილების გააზრებაა.

2017 წლის 27 სექტემბერს თბილისსა და სოხუმში აღნიშნეს ერთი ისტორიული მოვლენის ორი განსხვავებული ინტერპრეტაციის 24 წლისთავი. კერძოდ, თბილისმა „სოხუმის დაცემისა“ და აფხაზეთის ომის დასასრულის, ხოლო სოხუმმა კი „სოხუმის გათავისუფლებისა“ და მისი საქართველოსგან დამოუკიდებლობის წლისთავი აღნიშნა.

წლებია ორივე მხარე სრულიად განსხვავებულად აფასებს 90-იანი წლების დასაწყისში დატრიალებულ მოვლენებს. იმის მიუხედავად, რომ საქართველო მუდამ მიუთითებდა ამ კონფლიქტში რუსეთის როლზე, ქართულ საზოგადოებაში არსებობდა ერთგვარი შეთანხმება, რომ სისხლიანი დაპირისპირების მიზეზები მდგომარეობდა ორივე მხარეს, ქართველებსა და აფხაზებს შორის დაშვებულ შეცდომებში, რადიკალიზმსა და საერთო ენის პოვნის სურვილის არარსებობაში.

ბოლო ათწლეულია, ამ შეხედულების ცვლილების და წინა პლანზე უკვე კონფლიქტში უშუალოდ რუსეთის განსაკუთრებული როლის მნიშვნელობის ხაზგასმის მოწმენი ვართ. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ელიტებისა და მედიის სულ უფრო და უფრო დიდი ნაწილი წარმოაჩენს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებს მოსკოვის მიერ შექმნილ პოლიტიკურ ბერკეტებად. შედეგად, საკმაოდ პოპულარული გახდა ახალი კონცეფცია „ქართული მიწები ხალხის გარეშე“, რომლის თანახმადაც, სადავო ტერიტორიები ელოდებიან მათი ჭეშმარიტი მესაკუთრეების დაბრუნებას. ამ წარმოსახვით რეალობაში რუსეთის ფედერაცია არის ის ერთადერთი დაბრკოლება, რომელიც არ აძლევს ქვეყანაში 230.000 იძულებით გადაადგილებულ პირს დაუბრუნდნენ საკუთარ მიწა-წყალს.

რუსეთისუხილავი ხელი

ბოლო რამდენიმე წელია, საკმაოდ გავრცელდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ანალიზი ძირითადად ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე დაყრდნობით. ამის ფონზე, ფაქტობრივად, ისეთი მნიშვნელოვანი ცვლადი, როგორიცაა — ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობები, უკანა პლანზე აღმოჩნდა.

ეს ტენდენცია 2000-იანი წლების შუალედში იღებს სათავეს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როდესაც ხელისუფლებამ ქვეყნის დასავლურ ინსტიტუტებში (განსაკუთრებით, ნატო-ში) ინტეგრაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ მიმართულებამ თბილისსა და კრემლს შორის პირდაპირი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დაპირისპირება გამოიწვია.

ძლიერმა შიდა ზეწოლამ და გარე გამოწვევებმა იმდროინდელი პოლიტიკური ელიტების რადიკალიზაცია მოახდინეს. ამ პროცესში საქართველოს შიდა პოლიტიკურ მოვლენებში რუსეთის „უხილავმა ხელმაც“ შეიტანა წვლილი. მოსკოვი ხშირად ე. წ. განტევების ვაცად გამოიყენებოდა. ამ პროცესების მემკვიდრეობა დღესაც აქტუალურია კონფლიქტებთან მიმართებით.

კონფლიქტის მიზეზთა შორის მოსკოვის ჩართულობა საჯარო დისკუსიის ძირითად განსახილველ თემად იქცა; ხოლო ორმხრივი გაუგებრობა და მნიშვნელოვანი ისტორიული შეცდომები ჩრდილში მოექცა. ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობების მნიშვნელობის დაკნინებით ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ არსებობს კრემლის მიერ ოკუპირებული და ხალხის გარეშე დარჩენილი ქართული მიწები. ამავე თხრობის თანახმად, რუსეთის გეოპოლიტიკური ჭადრაკის დაფიდან ჩამოშორება გამოიწვევს კონფლიქტის დაუყოვნებლივ განმუხტვას.

ასეთი შეხედულება ასოცირდება ადრეული ზიონიზმის (სიონიზმის) მოძრაობასთან — „მიწა ხალხის გარეშე, მიწის გარეშე დარჩენილი ხალხისთვის“ — რომელიც მოუწოდებდა ებრაული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას პალესტინის ტერიტორიაზე. ორივე შემთხვევაში (ერთის მხრივ პალესტინა, ხოლო მეორეს მხრივ — აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) მიწები არასდროს ყოფილა უკაცრიელი. ისევე, როგორც არაბები ცხოვრობდნენ პალესტინის ტერიტორიაზე ათასწლეულის განმავლობაში, ასევე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დასახლებულია ეთნიკურად არარუსი მოსახლეობით, რომლთა მოსაზრებაც გათვალისწინებული უნდა იყოს.

არსებული რეალობა

ქართული პოლიტიკური ელიტები იმდენად არიან შეპყრობილნი რუსეთის „ფარული საფრთხით“, რომ ავიწყდებათ ან მიზანმიმართულად ხუჭავენ თვალს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დაპირისპირების მნიშვნელოვან ასპექტებზე.

ერთერთი ასეთი ყურადსაღები საკითხი არის რადიკალური ქართული ნაციონალიზმი, რომელიც 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დასაწყისში ბობოქრობდა. აღსანიშნავია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა, და მისი მომხრეების მოწოდებები, რომ სახელმწიფოდან „განედევნათ“ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც „არასასურველ ელემენტებს“ წარმოადგენდნენ.

ამასთანავე, ამ დროისთვის ეთნიკურად აფხაზ და ოს მოქალაქეებში უკვე სერიოზული უკმაყოფილება არსებობდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მათი სტატუსისა და უფლებების ირგვლივ შექმნილი ვითარებით. ქართულ არქივებში დაცულია სოხუმიდან და ცხინვალიდან საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მისამართით გაგზავნილი ღია წერილები, რომლებშიც ისინი მოითხოვენ ავტონომიას, მოსახლეობის უსაფრთხოების, ეთნიკური უმცირესობების უფლებებისა და კულტურული თვითმყოფადობის უზრუნველყოფას.

იმავე საარქივო მასალებით მტკიცდება სტალინი-ბერიას პერიოდში ქართველების მხრიდან აფხაზების მიმართ რეპრესიები. ჩვენ შეგვიძლია, აღვნიშნოთ, რომ ეს მოვლენებს საბჭოთა დიქტატურის დროს ხდებოდა, თუმცა აფხაზთა უმრავლესობას ძლიერი ისტორიული მეხსიერება აქვს და ისინი ორივეს, იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას (საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციის უფროსი), ეთნიკურად ქართულ წარმომავლობაზე მიუთითებენ.

ზემოთ მოყვანილმა ისტორიულმა მოვლენებმა სხვა ფაქტორებთან ერთად — მათ შორის რეგიონში რუსეთის ინტერესების ჩათვლით — განაპირობa ისეთი კონფლიქტის გაღვივება, რომელმაც ორივე მხარე დააზარალა. შესაბამისად, ქართულ-რუსული დაპირისპირების ფონზე, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში მოულოდნელად არ გამქრალან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ებრძოდნენ ქართველ „დამპყრობლებს“. ისინი კვლავინდებურად ცხოვრობენ სადავო რეგიონებში და ჩვენ შეგვიძლია, მარტივად წარმოვიდგინოთ ის, რომ მათ საქართველოში გავრცელებულ მონაყოლთან შედარებით განსხვავებული მოგონებები აქვთ.

რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო გარანტს წარმოადგენს, მაგრამ ეს ქართული მიწები არ არის „უკაცრიელი“. იქ არსებობს არაერთი ეთნიკური ჯგუფისგან შემდგარი მოსახლეობა, რომლის წინაპრები ან ნათესავები მონაწილეობას იღებდნენ თბილისისგან „თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

და კრემლის დახმარებით ან მის გარეშეც, მათ შეიძლება, გააჩნდეთ საქართველოში გავრცელებული შეხედულებებისგან განსხვავებული მომავლის ხედვა. იგი განპირობებულია ისტორიით და არაა მოსკოვის მიერ ხელოვნურად შექმნილი.

მომავალში საქართველოსთვის უფრო მიზანშეწონილი იქნება, მოხდეს არსებული ძირითადი შეხედულებების ხელმეორედ გადასინჯვა და ყურადღების გამახვილება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დაპირისპირებაში არსებული გამოწვევების მრავალფეროვნებაზე. ჩვენ გვესაჭიროება ხედვა, რომელიც არ ეყრდნობა ქართულ-რუსულ ჩარჩოს.

სტატიის ორიგინალური ვერსია გამოქვეყნებული იყო OC-Media-ს მიერ. იგი ხელმისაწვდომია ბმულზე.

ქართულ-რუსული ურთიერთობების დინამიკა

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის ძირითადი ტენდენციები და საქართველო

2009 წელს მიღებული სტრატეგიის (რომელიც 2020 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო, 2015 წელს გადახედვის უფლებით) ჩანაცვლებით პუტინმა აჩვენა, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება შეიცვალა და შესაბამისად, უნდა შეიცვალოს კრემლისადმი დამოკიდებულებაც. ახალ სტრატეგიაში ნათლად ჩანს სახელმწიფო ინტერესების უპირატესობა სოციალურ-პოლიტიკურ განვითარებასა და დემოკრატიზაციის პროცესებთან შედარებით, რომელთა შესახებაც უფრო მეტად იყო გამახვილებული ყურადღება მედვედევის პრეზიდენტობის დროს მიღებულ დოკუმენტში.

ახალ კონცეფციაში მეტი ყურადღება ეთმობა საგარეო ამოცანებს. რუსეთი კვლავაც მზადაა ვაშინგტონთან თანამშრომლობისთვის სხვადასხვა სფეროში. ამასთან ხაზგასმულია, აშშ-სა და ნატო-ს  ნეგატიური როლი რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში. მაგალითად, ცალკე პარაგრაფად არის გამოყოფილი უკრაინისა და ე.წ. არაბული გაზაფხულის შემთხვევები, როგორც ზემოთ ხსენებული ძალების მიერ გაჩაღებული ცხელი წერტილები. აღსანიშნავია ისიც, რომ სირიაში მოქმედ ანტი-ტერორისტულ ბლოკთან შესაძლო თანამშრომლობაზე საუბარი არაა.

გამოკვეთილია რეგიონული ურთიერთობების დამყარებისა და გაფართოების მნიშვნელობაც. ამ ნაწილში პირველად არის ღიად მოხსენიებული საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რომლებთანაც ურთიერთობების გაღრმავებას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. წინა კონცეფციისგან განსხვავებით, რუსეთმა გადამწყვეტი როლი არ მიანიჭა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასა და აზიურ ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერებას.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ კონცეფციაში რუსეთის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად განაცხადა ის, რაც რეალობაში ხდება. უპირველეს ყოვლისა, რუსეთი დაბრუნდა როგორც გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე და მის გარეშე მშვიდობის დამყარება რთულდება. რუსეთი და დასავლეთი (განსაკუთრებით, აშშ და ნატო) ღია დაპირისპირების ფორმატში იმყოფებიან. ნატო-ს ნებისმიერი სახით გაფართოება კი არის და იქნება აღქმული, როგორც ღია აგრესია რუსეთის წინააღმდეგ.

რას ნიშნავს საქართველოსთვის ეს კონცეფცია? – განსაკუთრებულ არაფერს! იგი უბრალოდ რეალობის ოფიციალურ საბუთში ასახვაა; მაგრამ ამით ის მოცემულობა, რომელშიც მსოფლიოს და საქართველოს უწევთ მოქმედება არ შეცვლილა და არც შეიცვლება.

კომენტარის ორიგინალური გამოქვეყნებული იყო კავკასიური სახლის მიერ. იგი ხელმისაწვდომია აქ.