კატეგორიის არქივი: მოსაზრება

ნატო-ს “ფუჭი საუბარი”

2019 წლის 26 მარტს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. იგი შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. წესისამებრ, სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ალიანსის დაპირება, რომ საქართველო გახდება სამხედრო ბლოკის წევრი. თუმცა, ეს შეხვედრა უფრო ყოველწლიური ტრადიციის ნაწილია და დაპირებების მიღმა არაფერი დგას.

წაიკითხეთ დამატებით ინგლისურ ენაზე აქ.

საქართველოს ჩრდილოეთ მაკედონიური ოცნება

საბერძნეთსა და მაკედონიას შორის მოხდა ხანგრძლივი დაპირისპირების გადაჭრა, რამაც ჩრდილოეთ მაკედონიური რესპუბლიკა ნატო-შუ გაწევრიანების გზაზე დააყენა. ოფიციალურ პირებს საქართველოში გაუჩნდათ იმედი, რომ მალე სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოც გახდება ორგანიზაციის წევრი. ამასთანავე, მაკედონიის მაგალითი სავარაუდოდ ვერ გამოდგება პრეცედენტად.

დამატებით იხილეთ ტექსტი ინგლისურ ენაზე აქ.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები მხოლოდ რუსეთით არ არის განპირობებული

ქართველების უმრავლესობისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების უკან ცალსახად რუსეთი დგას. მსგავსი ჩიხური აზროვნებიდან გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოცდილების გააზრებაა.

2017 წლის 27 სექტემბერს თბილისსა და სოხუმში აღნიშნეს ერთი ისტორიული მოვლენის ორი განსხვავებული ინტერპრეტაციის 24 წლისთავი. კერძოდ, თბილისმა „სოხუმის დაცემისა“ და აფხაზეთის ომის დასასრულის, ხოლო სოხუმმა კი „სოხუმის გათავისუფლებისა“ და მისი საქართველოსგან დამოუკიდებლობის წლისთავი აღნიშნა.

წლებია ორივე მხარე სრულიად განსხვავებულად აფასებს 90-იანი წლების დასაწყისში დატრიალებულ მოვლენებს. იმის მიუხედავად, რომ საქართველო მუდამ მიუთითებდა ამ კონფლიქტში რუსეთის როლზე, ქართულ საზოგადოებაში არსებობდა ერთგვარი შეთანხმება, რომ სისხლიანი დაპირისპირების მიზეზები მდგომარეობდა ორივე მხარეს, ქართველებსა და აფხაზებს შორის დაშვებულ შეცდომებში, რადიკალიზმსა და საერთო ენის პოვნის სურვილის არარსებობაში.

ბოლო ათწლეულია, ამ შეხედულების ცვლილების და წინა პლანზე უკვე კონფლიქტში უშუალოდ რუსეთის განსაკუთრებული როლის მნიშვნელობის ხაზგასმის მოწმენი ვართ. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ელიტებისა და მედიის სულ უფრო და უფრო დიდი ნაწილი წარმოაჩენს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებს მოსკოვის მიერ შექმნილ პოლიტიკურ ბერკეტებად. შედეგად, საკმაოდ პოპულარული გახდა ახალი კონცეფცია „ქართული მიწები ხალხის გარეშე“, რომლის თანახმადაც, სადავო ტერიტორიები ელოდებიან მათი ჭეშმარიტი მესაკუთრეების დაბრუნებას. ამ წარმოსახვით რეალობაში რუსეთის ფედერაცია არის ის ერთადერთი დაბრკოლება, რომელიც არ აძლევს ქვეყანაში 230.000 იძულებით გადაადგილებულ პირს დაუბრუნდნენ საკუთარ მიწა-წყალს.

რუსეთისუხილავი ხელი

ბოლო რამდენიმე წელია, საკმაოდ გავრცელდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ანალიზი ძირითადად ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე დაყრდნობით. ამის ფონზე, ფაქტობრივად, ისეთი მნიშვნელოვანი ცვლადი, როგორიცაა — ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობები, უკანა პლანზე აღმოჩნდა.

ეს ტენდენცია 2000-იანი წლების შუალედში იღებს სათავეს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როდესაც ხელისუფლებამ ქვეყნის დასავლურ ინსტიტუტებში (განსაკუთრებით, ნატო-ში) ინტეგრაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ მიმართულებამ თბილისსა და კრემლს შორის პირდაპირი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დაპირისპირება გამოიწვია.

ძლიერმა შიდა ზეწოლამ და გარე გამოწვევებმა იმდროინდელი პოლიტიკური ელიტების რადიკალიზაცია მოახდინეს. ამ პროცესში საქართველოს შიდა პოლიტიკურ მოვლენებში რუსეთის „უხილავმა ხელმაც“ შეიტანა წვლილი. მოსკოვი ხშირად ე. წ. განტევების ვაცად გამოიყენებოდა. ამ პროცესების მემკვიდრეობა დღესაც აქტუალურია კონფლიქტებთან მიმართებით.

კონფლიქტის მიზეზთა შორის მოსკოვის ჩართულობა საჯარო დისკუსიის ძირითად განსახილველ თემად იქცა; ხოლო ორმხრივი გაუგებრობა და მნიშვნელოვანი ისტორიული შეცდომები ჩრდილში მოექცა. ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობების მნიშვნელობის დაკნინებით ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ არსებობს კრემლის მიერ ოკუპირებული და ხალხის გარეშე დარჩენილი ქართული მიწები. ამავე თხრობის თანახმად, რუსეთის გეოპოლიტიკური ჭადრაკის დაფიდან ჩამოშორება გამოიწვევს კონფლიქტის დაუყოვნებლივ განმუხტვას.

ასეთი შეხედულება ასოცირდება ადრეული ზიონიზმის (სიონიზმის) მოძრაობასთან — „მიწა ხალხის გარეშე, მიწის გარეშე დარჩენილი ხალხისთვის“ — რომელიც მოუწოდებდა ებრაული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას პალესტინის ტერიტორიაზე. ორივე შემთხვევაში (ერთის მხრივ პალესტინა, ხოლო მეორეს მხრივ — აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) მიწები არასდროს ყოფილა უკაცრიელი. ისევე, როგორც არაბები ცხოვრობდნენ პალესტინის ტერიტორიაზე ათასწლეულის განმავლობაში, ასევე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დასახლებულია ეთნიკურად არარუსი მოსახლეობით, რომლთა მოსაზრებაც გათვალისწინებული უნდა იყოს.

არსებული რეალობა

ქართული პოლიტიკური ელიტები იმდენად არიან შეპყრობილნი რუსეთის „ფარული საფრთხით“, რომ ავიწყდებათ ან მიზანმიმართულად ხუჭავენ თვალს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დაპირისპირების მნიშვნელოვან ასპექტებზე.

ერთერთი ასეთი ყურადსაღები საკითხი არის რადიკალური ქართული ნაციონალიზმი, რომელიც 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დასაწყისში ბობოქრობდა. აღსანიშნავია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა, და მისი მომხრეების მოწოდებები, რომ სახელმწიფოდან „განედევნათ“ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც „არასასურველ ელემენტებს“ წარმოადგენდნენ.

ამასთანავე, ამ დროისთვის ეთნიკურად აფხაზ და ოს მოქალაქეებში უკვე სერიოზული უკმაყოფილება არსებობდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მათი სტატუსისა და უფლებების ირგვლივ შექმნილი ვითარებით. ქართულ არქივებში დაცულია სოხუმიდან და ცხინვალიდან საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მისამართით გაგზავნილი ღია წერილები, რომლებშიც ისინი მოითხოვენ ავტონომიას, მოსახლეობის უსაფრთხოების, ეთნიკური უმცირესობების უფლებებისა და კულტურული თვითმყოფადობის უზრუნველყოფას.

იმავე საარქივო მასალებით მტკიცდება სტალინი-ბერიას პერიოდში ქართველების მხრიდან აფხაზების მიმართ რეპრესიები. ჩვენ შეგვიძლია, აღვნიშნოთ, რომ ეს მოვლენებს საბჭოთა დიქტატურის დროს ხდებოდა, თუმცა აფხაზთა უმრავლესობას ძლიერი ისტორიული მეხსიერება აქვს და ისინი ორივეს, იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას (საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციის უფროსი), ეთნიკურად ქართულ წარმომავლობაზე მიუთითებენ.

ზემოთ მოყვანილმა ისტორიულმა მოვლენებმა სხვა ფაქტორებთან ერთად — მათ შორის რეგიონში რუსეთის ინტერესების ჩათვლით — განაპირობa ისეთი კონფლიქტის გაღვივება, რომელმაც ორივე მხარე დააზარალა. შესაბამისად, ქართულ-რუსული დაპირისპირების ფონზე, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში მოულოდნელად არ გამქრალან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ებრძოდნენ ქართველ „დამპყრობლებს“. ისინი კვლავინდებურად ცხოვრობენ სადავო რეგიონებში და ჩვენ შეგვიძლია, მარტივად წარმოვიდგინოთ ის, რომ მათ საქართველოში გავრცელებულ მონაყოლთან შედარებით განსხვავებული მოგონებები აქვთ.

რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო გარანტს წარმოადგენს, მაგრამ ეს ქართული მიწები არ არის „უკაცრიელი“. იქ არსებობს არაერთი ეთნიკური ჯგუფისგან შემდგარი მოსახლეობა, რომლის წინაპრები ან ნათესავები მონაწილეობას იღებდნენ თბილისისგან „თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

და კრემლის დახმარებით ან მის გარეშეც, მათ შეიძლება, გააჩნდეთ საქართველოში გავრცელებული შეხედულებებისგან განსხვავებული მომავლის ხედვა. იგი განპირობებულია ისტორიით და არაა მოსკოვის მიერ ხელოვნურად შექმნილი.

მომავალში საქართველოსთვის უფრო მიზანშეწონილი იქნება, მოხდეს არსებული ძირითადი შეხედულებების ხელმეორედ გადასინჯვა და ყურადღების გამახვილება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დაპირისპირებაში არსებული გამოწვევების მრავალფეროვნებაზე. ჩვენ გვესაჭიროება ხედვა, რომელიც არ ეყრდნობა ქართულ-რუსულ ჩარჩოს.

სტატიის ორიგინალური ვერსია გამოქვეყნებული იყო OC-Media-ს მიერ. იგი ხელმისაწვდომია ბმულზე.

მეფე არს კანონი: დაუსრულებელი ქართული “პერესტროიკა”

საქართველოში მიმდინარეობს კონსტიტუციური რეფორმა, რომელმაც უარყოფითი შეფასებები მიიღო, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის, ასევე ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან. მათი შეფასებით, კონსტიტუცია ასახავს მხოლოდ მმართველი ელიტის მიდგომას და ამის გამო კონსტიტუცია ლეგიტიმაციას კარგავს.

თუმცა, საკითხავია, თუ რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება ობიექტურ რეალობას?! სავარაუდოდ, ადგილი აქვს მორიგ კონსტიტუციურ ცვლილებას, რომლის მიზანია აჩვენოს დანარჩენ აქტორებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის მთავარი განმაპირობებელი ძალაა. კონსტიტუციური რეფორმა არის დასრულებელი ქართული “პერესტროიკა”.

ტექსტის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

დიდი არეულობა პატარა საქართველოში

იხილეთ ტექსტი ინგლისურ ენაზე ამ ბმულზე.

,,დიდი სახელმწიფო” – პუტინისა და რუსეთის შეთანხმება

შესავალი თანამედროვე რუსეთის პოლიტიკაში

რუსეთმა სირიაში ცალმხრივი სამხედრო-საჰაერო ოპერაცია წამოიწყო. ქვეყნის წამყვანმა პირებმა ეს ქმედება ეროვნული ინტერესების დაცვით დაასაბუთეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსეთი არ ახდენს სამხედრო ქმედებების კოორდონაციას არც ნატო-სთან ან რომელიმე ალიანსის წევრ ქვეყანასთან და არც გაერო-სთან. ამის ერთ-ერთი მიზეზი მდგომარეობს ე.წ. დასავლეთის, კერძოდ კი აშშ-ს წინააღმდეგობაში. შესაბამისად, ოპერაციის ლეგიტიმაციის წყარო არის არა საერთაშორისო საზოგადოება, არამედ უშუალოდ რუსეთის მოსახლეობა.

არაერთი დასავლელი ექსპერტი საუბრობს კამპანიის წარუმატებლობაზე და პუტინის რეჟიმის მარცხზე, მაგრამ მათი პათოსი უფრო იდეოლოგიური დაპირისპირების გაგრძელებაა, ვიდრე არსებული ვითარების ისტორიულ-პოლიტიკური ანალიზი. რუსეთისმცოდნეობის დარგის ექსპერტებისთვის ნათელია, რომ პუტინის გეგმა  უფრო შორეულ პერსპექტივაზეა გათვლილი, ვიდრე სირიაში ბაშარ ალ ასადის ხელისუფლების შენარჩუნებაა. სირიას გააჩნია მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა რუსეთის ხელისუფლებისთვის. იგი ასრულებს შეთანხმებას, რომელიც დაიდო რუსეთის საზოგადოებასთან.

მიმდინარე სტატიის მიზანია აჩვენოს რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტის ელემენტები პოსტ-საბჭოთა ისტორიულ პერსპექტივაში; მოვლენების ასეთი ანალიზი ნათელყოფს, რომ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის საზოგადოებას შორის არსებობს შეთანხმება ე.წ. ,,დიდი სახელმწიფოს” აშენების შესახებ; შესაბამისად, რუსეთის მთავრობის საგარეო და საშინაო პოლიტიკა ამ შეთანხმების მიღწევისკენ არის მიზანმიმართული. ამ მხრივ, სირია არის მნიშვნელოვანი ჯაჭვი, რომელმაც უნდა მიიყვანოს რუსეთი სასურველ შედეგამდე. დღეისთვის შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა ნომინალურად მაინც შეასრულა ნაკისრი მოვალეობა.

პუტინის მოსვლის წინაპირობები

ბევრ ექსპერტს, დარგის მცოდნეს თუ უბრალოდ პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანს ხშირად ავიწყდება ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის წინაპირობები. ამ ისტორიული მოვლენების არცოდნა იწვევს რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკით „აღშფოთებას“. დღევანდელი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა არა დემოკრატიული რევოლუციის ტალღაზე, არამედ პირიქით, ანტი-დემოკრატიული მოძრაობების საფუძველზე; მეტიც, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენისას რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას სჯეროდა, რომ დასავლეთის, ნატო-ს და განსაკუთრებით აშშ-ს საგარეო პოლიტიკისა და ბორის ელცინთან მჭიდრო კავშირის მიზანი რუსეთის დამცირება, დასუსტება, დაქუცმაცება და საბოლოო ჯამში მისი, როგორც რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ერთეულის რუკიდან წაშლაში მდგომარეობდა.

ბორის ელცინის მმართველობის მიწურულს ნათელი გახდა, რომ დემოკრატიულმა ექსპერიმენტმა ქვეყანაში მარცხი განიცადა. რუსეთის მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა არა დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება იყო, არამედ ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომლის სათავეშიც ძლიერი ლიდერი იქნებოდა. რუსეთის, როგორც სახელმწიფოს, მთავარი საგარეო პოლიტიკის მიზანი კი საბჭოთა კავშირის დროინდელი „სიდიადის“ დაბრუნება გახდა; ანუ, რუსეთი კვლავ „დიდ სახელმწიფოდ“ უნდა მოვლინებოდა საერთაშორისო სისტემას. ამ დავალების შესასრულებლად კი რუსეთის საზოგადოებამ ყოფილი კგბ-ს თანამშრომელი ვლადიმირ პუტინი დაიქირავა. მას შემდეგ, ხელისუფალის მთავარი მიზანი სწორედ რომ აღნიშნული დანაპირების შესრულება გახლდათ.

2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი და გადატვირთვის მცდელობა

2008 წლისთვის პუტინის საგარეო და საშინაო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი ეტაპები განვლო. კერძოდ, მან გაიარა ე.წ. კონცენტრირების (2000-2003წწ.), ლიბერალური იმპერიის (2003-2006წწ.) და „სუვერენული დემოკრატიის“ პერიოდები (2006-2008წწ.). ტოროშელიძის (2008) მტკიცებით, თითოეულ ეტაპს საკუთარი დანიშნულება ჰქონდა. პირველი მიზნად ისახავდა ქვეყნის რესურსებისა და საზოგადოების კონსოლიდაციას ძლიერი მმართველის ირგვლივ; მეორე, დაგროვილი მანდატისა და რესურსების გამოყენებას რუსული ინტერესების საზღვარგარეთ (მინიმუმ რეგიონში) გაძლიერებისთვის; მესამე, საყოველთაოდ გაცხადებას, რომ რუსეთი დაუბრუნდა საერთაშორისო სისტემას, როგორც გლობალური მოთამაშე და სამყარო კვლავ ბიპოლარული გახდა.

რუსეთის პოლიტიკის ტრანსფორმაციის მესამე საფეხური 2008 წლამდე თეორიულ სახეს ატარებდა. მისი რეალობაში განხორციელება 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომით მოხდა. მას შემდეგ, რაც ჯორჯ ბუშმა კავკასიონზე „წითელი ხაზი“ გაავლო და შეეცადა ნატო-სა და ამერიკის ინტერესების დამყარება ჩრდილოეთ მეზობლის ეროვნული ინტერესების უშუალო ზონაში, რუსეთმა გამოიყენა საქართველოს იმჟამინდელი მთავარსარდლის იმპულსურობა და ,,შემოიტყუა“ ქვეყანა წინასწარ წაგებულ სამხედრო დაპირისპირებაში. საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებით და იქ საკუთარი სამხედრო ბაზების გაძლიერებით რუსეთმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზა ჩაუხერგა; მეტიც, ნათელყო აშშ-სთვის, რომ იგი ყველა არსებული ხერხით დაიცავდა საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. საქართველოში განხორციელებული ბლიცკრიგით რუსეთმა რეგიონალური მოთამაშის როლი გაიმყარა.

ამერიკაში ახლად მოსული მთავრობა შეეცადა არსებული შეცდომების გაანალიზება და რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა. დღეისთვის ნათელია, რომ ის ჩავარდა. აღსანიშნია ფაქტი, რომ ეს მიმართულება უპერსპექტივო იყო. როგორც ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მარკედონოვმა (2014) განაცხადა, რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი დანიშნულება არის საერთაშორისო სისტემაში არსებული თამაშის წესების შეცვლა; ამ შეცვლას უნდა მოჰყვეს ქვეყნის სტატუსის ცვლილებაც. ამერიკა კი ცდილობს მოაქციოს ქვეყანა უნიპოლარული სამყაროს ფარგლებში, სადაც ის „შერიფის“ როლს ასრულებს. შესაბამისად, ამ ორ ერთეულს შორის შეთანხმება წარმოუდგენელია. ობამას გადატვირთვის პოლიტიკა ზემოთ ხსენებულ ხედვას ეყრდნობოდა. ახალმა მთავრობამ არასწორი დასკვნები გამოიტანა საქართველო-რუსეთის ომიდან. ობამას ხელისუფლებამ რუსეთის საერთაშორისო სისტემაში სტატუსის გადახედვის ნაცვლად, პუტინის რეჟიმს მისთვის შედარებით უმნიშვნელო საკითხებზე შესთავაზა მოლაპარაკება.

დიალოგი ჩავარდა. რუსეთი მიისწრაფოდა „დიდი სახელმწიფოს“ სტატუსისკენ, ხოლო ამერიკა არსებული უნიპოლარული სამყაროს შენარჩუნებისკენ.

2014 წლის უკრაინის კრიზისი

უკრაინაში მომხდარი მოვლენები ასახავს საქართველო-რუსეთის დაპირისპირების არასწორი ანალიზის შედეგს; აგრეთვე, აშშ-ს პოლიტიკური „ისტაბლიშმენტის“ მიერ იმის უგულველყოფის, რომ დღევანდელი რუსეთი აღარაა ელცინისეული უუნარო საერთაშორისო სისტემის სუბიექტი და არც ამერიკაა ის ყოვლისშემძლე ძალა, რომელიც ცალმხრივად წარმართავდა მოვლენებს. ძალთა გადანაწილება მნიშვნელოვნად შეიცვალა.

აშშ-ს ღია ჩარევა უკრაინის მოვლენებში და პრო-დასავლური ძალების ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლის ხელშეწყობამ ნათელყო, რომ ამერიკამ კვლავ გადაწყვიტა რუსეთის სასიცოცხლო სივრცეში შეჭრა. რუსეთის ხისტი პოზიცია და რეაქცია სრულიად მოსალოდნელი იყო. ყირიმის მიერთებით რუსეთმა დაარღვია თამაშის წესები და ღიად განაცხადა, რომ ამიერიდან ის აღარ დაემორჩილებოდა ძველ ნორმებს. ამით მან ხელმეორედ გაამყარა საკუთარი რეგიონალური პოზიციები და მკაფიო შეტყობინება გაუგზავნა ამერიკელ კოლეგებს; მეტიც, მან შექმნა პრეცედენტი, როდესაც საერთაშორისო სისტემის სუბიექტი არ დაემორჩილა წყობას და ამით ეჭვი შეიტანა მის ლეგიტიმურობაში. პუტინი ამზადებდა ნიადაგს რუსეთის გლობალურ ძალად წარმოსადგენად. ამჯერად არა თეორულად, არამედ პრაქტიკულად.

რას ნიშნავს სირია მსოფლიოსთვის და რუსეთისთვის?

უკვე რამდენიმე წელია, რაც „არაბულმა გაზაფხულმა“ დიდი მღელვარება გამოიწვია რეგიონში. ამდენივე წელი დასავლეთი ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ცდილობს ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას, მაგრამ უშედეგოდ. ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც პროცესები დაიძრა არსებობდა სერიოზული საფრთხე, რომ დასავლური ძალები გაიმეორებდნენ სირიაში ლიბიის სცენარს. მაგრამ მათ უარი თქვეს; რა თქმა უნდა, ეს უარი ნაწილობრივ განპირობებული იყო წარუმატებელი მისიებით ავღანეთში, ერაყსა და ლიბიაში; აგრეთვე, სხვა პოლიტიკური ფაქტორებით. თუმცა, გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთის მთავრობის ხისტმა პოზიციამ; კერძოდ, რუსეთის მხრიდან მზაობამ დაიცვას საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები რეგიონში. მნიშვნელოვანია, რომ თუ ათიოდე წლის წინ წარმოუდგენელი იყო რუსეთის რაიმე სახით მსოფლიო მოვლენებზე ზეგავლენა, 2011-2013 წლებში ვლადიმირ პუტინის ხისტი პოზიცია გადამწყვეტი აღმოჩნდა სირიაში ლიბიის სცენარის განმეორების თავიდან ასაცილებლად. დაბომბვის ნაცვლად დასავლეთმა დაიწყო სირიული მეამბოხეების გაწვრთნა და შეიარაღება. დღეს, 2015 წელს რუსეთმა ცალმხრივად დაიწყო სამხედრო-საჰაერო ოპერაცია. მისი დაბობვის ქვეშ აღმოჩნდნენ სწორედ ის ძალები, რომლებსაც ამარაგებს დასავლეთი. რუსეთის მიზანი იმდენად სირიული რეჟიმის შენარჩუნება არაა, როგორც დასავლეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის სამხედრო შენაერთები ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით გასცდნენ ახლო სამეზობლოს. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ვლადიმირ პუტინის მთავარი მიზანი არის შექმნას ილუზია, რომ რუსეთი დაუბრუნდა გლობალურ პოლიტიკას, როგორც ძალა, რომელსაც შეუძლია მსოფლიო პროცესებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა; ანუ რუსეთი შედგა, როგორც „დიდი სახელმწიფო“.

სირიის კონფლიქტი გადაიქცა ბრძოლის ველად, სადაც, ერთი მხრივ, ამერიკა, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთი იბრძვიან საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად. ამერიკისთვის სირია შეიძლება გახდეს ჰეგემონობის განმტკიცების ან დაკარგვის ადგილი, ხოლო პუტინისთვის რუსეთის დიდ პოლიტიკაში დაბრუნების ან ძალაუფლებისა და საზოგადოების მანდატის გაფლანგვის მიზეზი.

დასკვნა

რუსეთმა განვლო დიდი გზა იმისთვის, რომ საკუთარ თავს მისცეს უფლება შეეწინააღმდეგოს დასავლურ ძალებს (განსაკუთრებით, აშშ-ს) ჯერ რეგიონალურ დონეზე (საქართველო და უკრაინა), ხოლო შემდეგ საერთაშორისო არენაზე (სირია). იქიდან გამომდინარე, თუ როგორ დასრულდება კონფლიქტი სირიაში გადაწყდება დღევანდელი საერთაშორისო სისტემის ბედი. თუ რუსეთი დამარცხდება, მაშინ ამერიკის ჰეგემონობა კვლავაც უპირობო იქნება (ჩინეთის მოლოდინში); მაგრამ, თუ პუტინი შესძლებს ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ძალების განდევნას და ბაშარ ალ ასადისთვის ქვეყანაზე კონტროლის დაბრუნებას რუსეთი გახდება გლობალური ძალა არა მხოლოდ რუსეთის საზოგადოებისთვის, რომელსაც უკვე ასეთად მიაჩნია, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც; მეტიც, საერთაშორისო სისტემა  შეიცვლება და გადაიხრება უნიპოლარულიდან მინიმუმ ბიპოლარულისკენ.

ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე საგარეო და საშინაო პოლიტიკა არ არის პუტინის პროდუქტი; ეს არის პუტინისა და რუსეთის, რუსეთის საზოგადოების შეთანხმების შედეგი. ეს შეთანხმება შედგა 2000 წელს, როდესაც “მძლავრი მარჯვენა“ მოვიდა ხელისუფლებაში ქვეყნისთვის ძველი სიდიადის დასაბრუნებლად. ამიტომ, იმის იმედად მოქმედება, რომ პუტინის მოშორებით შეიცვლება რუსეთის პოლიტიკა ან ხელისუფლებაში მოვლენ დასავლეთისადმი კეთილგანწყობილი ძალები რუსეთის უახლესი ისტოორიის და შიდა საზოგადოებრივი განწყობების არცოდნაა.

სტატია იყო დაწერილი “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”-ს დაკვეთით. ორიგინალი ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

ბიბლიოგრაფია

ქართულენოვანი

ტოროშელიძე, ი., 2008, პუტინის საგარეო პოლიტიკა, გამომცემლობა ბბთკ

სიხარულიძე, ა., 2014, რუსეთი 1991-2008, გამომცემლობა ინტელექტი, გვ. 46-157

ინგლისურენოვანი

Adelman, J., 2015, Surprise, surprise, Russia is a world power again, Fox News, URL: http://www.foxnews.com/opinion/2015/09/28/surprise-surprise-russia-is-world-power-again.html

Akkoc, R., Oliphant, R., 2015 [accessed], “Russia kills US-backed Syrian rebels in second day of air strikes as Iran prepares for ground offensive”, The Telegraph, URL: http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/europe/russia/11903702/Russias-Vladimir-Putin-launches-strikes-in-Syria-on-Isil-to-US-anger-live-updates.html

Dempsey, J., 2015, Judy Asks: Is Russia back on the World Stage?, Carnegie Europe, URL: http://carnegieeurope.eu/strategiceurope/?fa=61450

Legvold, R., 2007, Russian Foreign Policy in the Twenty-First Century and the Shadow of the Past, Columbia University Press, p. 60

Lozansky, E., 2014, U.S. Take Note: Russia Is Back as a Global Power, The Moscow Times, URL: http://www.themoscowtimes.com/opinion/article/u-s-take-note-russia-is-back-as-a-global-power/496766.html

Analyzing Russia’s Support for Syria’s Bashar al-Assad, 2015 [accessed], abc NEWS, URL: http://abcnews.go.com/International/analyzing-russias-support-syrias-bashar-al-assad/story?id=22534530

რუსულენოვანი

Маркедонов, С., 2015, «И Путин и его команда – Стихийные Западники», Мнения, Ссылка: http://bogudonia.ru/opinions/sergej_markedonov_i_putin_i_ego_komanda_stihijnye

Филиппов, А., 2007, Новейшая История России 1945-2006, Издательство «Просвещение», стр. 416

Всероссийский Опрос, 2000, ВЦИОМ, Ссылка: http://wciom.ru/zh/print_q.php?s_id=341&q_id=27470&date=15.03.2000

Пресс-выпуск : 17 августа 2000 года, ВЦИОМ, Аналитический Центр Юрия Левады, Ссылка: http://www.levada.ru/press/2000081700.html

Пресс-выпуск #30: Ностальгия по прошлому, 2004, Аналитический Центр Юрия Левады, Ссылка: http://www.levada.ru/press/2004031901.html

Пресс-выпуск: 3 марта 2003 года, ВЦИОМ, Аналитический Центр Юрия Левады, http://www.levada.ru/press/2003030300.html

Пресс-выпуск: Рейтинги. Выборы. Разное, 2000, Аналитический Центр Юрия Левады, Ссылка: http://www.levada.ru/press/2000030901.html

Пресс-выпуск: Вокруг Парламентского Кризиса; Чечня, 2000, Аналитический Центр Юрия Левады, Ссылка: http://www.levada.ru/press/2000012501.html

Россияне о целях внешней политики и о саммите в Италии, 2011, Аналитический Центр Юрия Левады, Ссылка: http://www.levada.ru/press/2001071900.html

ვაფინანსებთ რელიგიას!

27 იანვარს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი კიდევ ოთხ რელიგიურ მიმდინარეობას დააფინანსებდა. საქართველოს ხელისუფლება ყოველწლიურად აფინანსებს მართლმადიდებლურ ეკლესიას სადღაც ოცი მილიონი ლარის ოდენობით. ამ თანხას დაემატება კიდევ 4,5 მილიონი ლარი, რომელიც გადანაწილდება მუსლიმანურ, გრიგორიანულ, კათოლიკურ და იუდაურ კონფესიებზე. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ეს კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს იმ ფაქტს, რომ დღევანდელი ხელისუფლება თანაბრად სცემს პატივს ყველა რელიგიურ მიმდინარეობას და მოსახლეობაში ტოლერანტობას ქადაგებს.

ზოგადად რელიგიური შემწყნარებლობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე სოფელში რელიგიურ ნიადაგზე მოსახლეობას შორის ურთიერთშელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. ამ უსიამოვნო ფაქტებს დაემატა სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის საეჭვო გადაწყვეტილება. ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ მისთვის დამახასიათებელი ემოციურობითა და იმპულსურობით განაცხადა საქართველოში რელიგიური შემწყნარებლობის არარსებობის შესახებ, რითაც დღევანდელი ხელისუფლება რთულ პოლიტიკურ ვითარებაში ჩააყენა. დღეისთვის საქართველო მიილტვის ევროპისკენ და რელიგიური შემწყნარებლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ადამიანის უფლებების სფეროში. შესაბამისად ხელისუფლება იძულებული გახდა გადაედგა კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ თვალსაჩინო გაეხადა მისი პოზიცია. კერძოდ, ახლად არჩეული მთავრობა ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მომხრეა და თანაბრად პატივს სცემს ყველა რელიგიურ მიმდინარეობას. ამ პოლიტიკური სულისკვეთების შედეგია ზემოთ ხსენებული ინიციატივა.

რელიგიური კონფესიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ბევრი მომხრე აღმოუჩნდა, ისევე როგორც მოწინააღმდეგე. მე პირადად მიმაჩნია, რომ მსგავს გადაწყვეტილებასა და ტოლერანტულობას/პატივისცემას შორის ცოტა რამ თუ აკავშირებს.

საქართველო არარის კლერიკალური სახელმწიფო. იგი არც უნდა იყოს. შესაბამისად, რელიგიური მიმდინარეობების დაფინანსება თითოეული კონფესიის მრევლის მოვალეობაა და არა ხელისუფლების. გარდა ამისა საქართველო, რომელიც ისედაც რთულ ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაში იმყოფება არ უნდა ხარჯავდეს ფულს რელიგიურ მიმართულებებზე, რომლებსაც ეკონომიკურად ისედაც არ უჭირთ. გასათვალისწინებელია, რომ ბიუჯეტის დეფიციტის ვითარებაში უმჯობესი იქნებოდა სოციალური პროგრამების დაფინანსება და აქცენტის ისეთ დარგებზე გაკეთება, როგორიც არის ჯანდაცვა და განათლება.

ეს ინიციატივა არც იმ ხელშეკრულების ფარგლებში ჯდება, რომელიც სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებობს. საქართველო, როგორც სახელმწიფო აფინანსებს მართლმადიდებლურ ეკლესიას მისი წარსული დამსახურებებიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა „საქართველოს მართლმადიდებლური რესპულიკა“-ა. ეს დამსახურება უდავოა და დაფიქსირებულია ისტორიაში. აქედან გამომდინარე სრულიად გაუგებარია, თუ რა ისტორიული წვლილისთვის ვაფინანსებთ ჩვენ მუსლიმურ და იუდაურ კონფესიებს რომ არაფერი ვთქვათ გრიგორიანულ და კათოლიკურ ეკლესიებზე?! სეკულარიზმის ლოზუნგით არ შეიძლება დააკნინო ერთი ეკლესიის ისტორიული მნიშვნელობა და წამოწიო სხვა რელიგიურ მიმდინარეობების როლი. ეს არ შეუწყობს ხელს არც ურთიერთპატივისცემას და არც ტოლერანტობას.

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მხოლოდ ოთხი კონფესიის არჩევა დისკრიმინაციურია. რა დააშავეს მორმონებმა? ან სხვა რელიგიების მიმდევრებმა? თუმცა მგონი აქ დისკრიმინაციაზე საუბარი ზედმეტია, რადგან მთლიანად ინიციატივა უფრო დასავლეთზე გამიზნულ პიარ კამპანიას ჰგავს, ვიდრე გააზრებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

ისმის შეკითხვა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანაში ურთიერთშემწყნარებლობისა და ერთმანეთისადმი ტოლერანტობის დონის გაზრდა? სინამდვილეში ამის მიღწევა ბევრად უფრო მარტივი გზებით არის შესაძლებელი. უპირველეს ყოვლისა, შეიძლება შეიქმნას მრავალკონფესიალური ჯგუფი, რომელიც შეადგენს საინტერესო სასწავლო გეგმას სკოლის მოსწავლეებისთვის. ამ გეგმით იქნება გაწერილი თეოლოგიის გაკვეთილები, რომლებსაც სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლები წაუძღვებიან. ისინი ცალ-ცალკე ან შეიძლება ერთად აუხსნიან და განუმარტავენ მოსწავლეებს, თუ რომელი რელიგიური მიმდინარეობა რას ქადაგებს და როგორ უდგება ამა თუ იმ საკითხს. ეს აამაღლებს არა მხოლოდ ცოდნის დონეს ამ საკითხში, არამედ სკოლაშივე განუვითარებს მოსწავლეებს განსხვავებული რჯულის ადამიანებისადმი პატივისცემას და შემწყნარებლობას; პასუხს გასცემს ფაქტიურად ყველა სადავო კითხვას.

ამის გარდა სახელმწიფოს შეუძლია გადადგას უპრეცენდენტო ნაბიჯი და მისცეს საჯარო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებს მათთვის წმინდა რელიგიურ დღესასწაულებებზე სამსახურიდან განსაზღვრული პერიოდით განთავისუფლების უფლება და გაუწიოს სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს მსგავსი რეკომენდაციები. როდესაც იუდაველს ან მუსლიმს ექნება საშუალება განსაკუთრებით მნიშვნელოვან რეგლიგიურ დღესასწაულზე სამსახურში არ წავიდეს ეს ნათელი შეტყობინება იქნება ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, ისევე როგორც დასავლეთისთვის, რომ საქართველოში ყველა მოქალაქის რელიგიური ინტერესები არის დაცული. დღეისთვის მხოლოდ ქრისტიანულ (უფრო სწორად კი მართლმადიდებლურ) დღესასწაულებზე თუ შეიძლება ადამიანმა დაისვენოს, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლებს.

სამწუხაროდ საქართველო უკუღმართობის ქვეყანაა. ხელისუფლება იცვლება, მაგრამ ქართველთა სურვილი, რომ მიზანი იყოს რაც შეიძლება უფრო სწრაფად და იაფად მიღწეული უცვლელია; და ეს ახასიათებს არა მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებსა და რიგით მოქალაქეებს, არამედ ჩვენს სამოქალაქო საზოგადაოებასაც. ნათელია, რომ საქართველოში არსებობს რელიგიური შემწყნარებლობის კუთხით „გაუგებრობა“, მაგრამ იგი უნდა იყოს შესაბამისად გაანალიზებული და შეფასებული, ხოლო მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები გამიზნული გრძელვადიან პერსპექტივაზე და არა დასავლეთისა და საქართველოს „ყვირალა“ სამოქალაქო საზოგადოების დაშოშმინებაზე.

ბოლოს და ბოლოს, ფულების რელიგიებს შორის გადანაწილება უფრო ბიზნეს გარიგებას ჰგავს, ციდრე შემწყნარებლობის ქადაგებას.

სტატიის ორიგინალური ვერსია იყო გამოქვეყნებული აზრები.გე-ს მიერ. იგი ხელმისაწვდომია აქ.