@achosikha-ის ყველა სტატია

რუსეთი 1991-2008

ანოტაცია:

„რუსეთი 1991-2008“ მიმოიხილავს რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკას 1991-2008 წწ. დაწვრილებით არის განხილული ბორის ელცინისა და ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის წლებში გადადგმული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ნაბიჯები. აგრეთვე, განხილულია რუსული ნაციონალიზმის საკითხი და მისი განვითარების ეტაპები. წიგნის მიწურულს, არსებული მასალის ანალიზის შედეგად, შემოთავაზებულია ორი თეორიული ჩარჩო – სუვერენული დემოკრატიული ნაციონალიზმი და გერმანული პარადიგმა. წიგნი შეიძლება გზამკვლევი იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რუსეთის უახლოესი ისტორიით, პოლიტიკით და ნაციონალიზმით. იგი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება სტუდენტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხზე.

 

ავტორი: არჩილ სიხარულიძე

გამოცემის თარიღი: 2014 (თბილისი, საქართველო)

ჟანრი: პოლიტიკური ისტორია

გვერდების რაოდენობა: 174

ენა: ქართული

ISBN: 9789941066535

 

იხილეთ სარჩევი

 

წიგნის ბეჭდვითი ვერსიის შეძენა შესაძლებელია მაღაზია “ლიგასმუსში”

წიგნის ელექტრონული ვერსიის ონლაინ რესურსზე ლიტ.გე

ვაფინანსებთ რელიგიას!

27 იანვარს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი კიდევ ოთხ რელიგიურ მიმდინარეობას დააფინანსებდა. საქართველოს ხელისუფლება ყოველწლიურად აფინანსებს მართლმადიდებლურ ეკლესიას სადღაც ოცი მილიონი ლარის ოდენობით. ამ თანხას დაემატება კიდევ 4,5 მილიონი ლარი, რომელიც გადანაწილდება მუსლიმანურ, გრიგორიანულ, კათოლიკურ და იუდაურ კონფესიებზე. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ეს კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს იმ ფაქტს, რომ დღევანდელი ხელისუფლება თანაბრად სცემს პატივს ყველა რელიგიურ მიმდინარეობას და მოსახლეობაში ტოლერანტობას ქადაგებს.

ზოგადად რელიგიური შემწყნარებლობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე სოფელში რელიგიურ ნიადაგზე მოსახლეობას შორის ურთიერთშელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. ამ უსიამოვნო ფაქტებს დაემატა სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის საეჭვო გადაწყვეტილება. ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ მისთვის დამახასიათებელი ემოციურობითა და იმპულსურობით განაცხადა საქართველოში რელიგიური შემწყნარებლობის არარსებობის შესახებ, რითაც დღევანდელი ხელისუფლება რთულ პოლიტიკურ ვითარებაში ჩააყენა. დღეისთვის საქართველო მიილტვის ევროპისკენ და რელიგიური შემწყნარებლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ადამიანის უფლებების სფეროში. შესაბამისად ხელისუფლება იძულებული გახდა გადაედგა კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ თვალსაჩინო გაეხადა მისი პოზიცია. კერძოდ, ახლად არჩეული მთავრობა ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მომხრეა და თანაბრად პატივს სცემს ყველა რელიგიურ მიმდინარეობას. ამ პოლიტიკური სულისკვეთების შედეგია ზემოთ ხსენებული ინიციატივა.

რელიგიური კონფესიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ბევრი მომხრე აღმოუჩნდა, ისევე როგორც მოწინააღმდეგე. მე პირადად მიმაჩნია, რომ მსგავს გადაწყვეტილებასა და ტოლერანტულობას/პატივისცემას შორის ცოტა რამ თუ აკავშირებს.

საქართველო არარის კლერიკალური სახელმწიფო. იგი არც უნდა იყოს. შესაბამისად, რელიგიური მიმდინარეობების დაფინანსება თითოეული კონფესიის მრევლის მოვალეობაა და არა ხელისუფლების. გარდა ამისა საქართველო, რომელიც ისედაც რთულ ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაში იმყოფება არ უნდა ხარჯავდეს ფულს რელიგიურ მიმართულებებზე, რომლებსაც ეკონომიკურად ისედაც არ უჭირთ. გასათვალისწინებელია, რომ ბიუჯეტის დეფიციტის ვითარებაში უმჯობესი იქნებოდა სოციალური პროგრამების დაფინანსება და აქცენტის ისეთ დარგებზე გაკეთება, როგორიც არის ჯანდაცვა და განათლება.

ეს ინიციატივა არც იმ ხელშეკრულების ფარგლებში ჯდება, რომელიც სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებობს. საქართველო, როგორც სახელმწიფო აფინანსებს მართლმადიდებლურ ეკლესიას მისი წარსული დამსახურებებიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა „საქართველოს მართლმადიდებლური რესპულიკა“-ა. ეს დამსახურება უდავოა და დაფიქსირებულია ისტორიაში. აქედან გამომდინარე სრულიად გაუგებარია, თუ რა ისტორიული წვლილისთვის ვაფინანსებთ ჩვენ მუსლიმურ და იუდაურ კონფესიებს რომ არაფერი ვთქვათ გრიგორიანულ და კათოლიკურ ეკლესიებზე?! სეკულარიზმის ლოზუნგით არ შეიძლება დააკნინო ერთი ეკლესიის ისტორიული მნიშვნელობა და წამოწიო სხვა რელიგიურ მიმდინარეობების როლი. ეს არ შეუწყობს ხელს არც ურთიერთპატივისცემას და არც ტოლერანტობას.

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მხოლოდ ოთხი კონფესიის არჩევა დისკრიმინაციურია. რა დააშავეს მორმონებმა? ან სხვა რელიგიების მიმდევრებმა? თუმცა მგონი აქ დისკრიმინაციაზე საუბარი ზედმეტია, რადგან მთლიანად ინიციატივა უფრო დასავლეთზე გამიზნულ პიარ კამპანიას ჰგავს, ვიდრე გააზრებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

ისმის შეკითხვა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანაში ურთიერთშემწყნარებლობისა და ერთმანეთისადმი ტოლერანტობის დონის გაზრდა? სინამდვილეში ამის მიღწევა ბევრად უფრო მარტივი გზებით არის შესაძლებელი. უპირველეს ყოვლისა, შეიძლება შეიქმნას მრავალკონფესიალური ჯგუფი, რომელიც შეადგენს საინტერესო სასწავლო გეგმას სკოლის მოსწავლეებისთვის. ამ გეგმით იქნება გაწერილი თეოლოგიის გაკვეთილები, რომლებსაც სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლები წაუძღვებიან. ისინი ცალ-ცალკე ან შეიძლება ერთად აუხსნიან და განუმარტავენ მოსწავლეებს, თუ რომელი რელიგიური მიმდინარეობა რას ქადაგებს და როგორ უდგება ამა თუ იმ საკითხს. ეს აამაღლებს არა მხოლოდ ცოდნის დონეს ამ საკითხში, არამედ სკოლაშივე განუვითარებს მოსწავლეებს განსხვავებული რჯულის ადამიანებისადმი პატივისცემას და შემწყნარებლობას; პასუხს გასცემს ფაქტიურად ყველა სადავო კითხვას.

ამის გარდა სახელმწიფოს შეუძლია გადადგას უპრეცენდენტო ნაბიჯი და მისცეს საჯარო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებს მათთვის წმინდა რელიგიურ დღესასწაულებებზე სამსახურიდან განსაზღვრული პერიოდით განთავისუფლების უფლება და გაუწიოს სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს მსგავსი რეკომენდაციები. როდესაც იუდაველს ან მუსლიმს ექნება საშუალება განსაკუთრებით მნიშვნელოვან რეგლიგიურ დღესასწაულზე სამსახურში არ წავიდეს ეს ნათელი შეტყობინება იქნება ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, ისევე როგორც დასავლეთისთვის, რომ საქართველოში ყველა მოქალაქის რელიგიური ინტერესები არის დაცული. დღეისთვის მხოლოდ ქრისტიანულ (უფრო სწორად კი მართლმადიდებლურ) დღესასწაულებზე თუ შეიძლება ადამიანმა დაისვენოს, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლებს.

სამწუხაროდ საქართველო უკუღმართობის ქვეყანაა. ხელისუფლება იცვლება, მაგრამ ქართველთა სურვილი, რომ მიზანი იყოს რაც შეიძლება უფრო სწრაფად და იაფად მიღწეული უცვლელია; და ეს ახასიათებს არა მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებსა და რიგით მოქალაქეებს, არამედ ჩვენს სამოქალაქო საზოგადაოებასაც. ნათელია, რომ საქართველოში არსებობს რელიგიური შემწყნარებლობის კუთხით „გაუგებრობა“, მაგრამ იგი უნდა იყოს შესაბამისად გაანალიზებული და შეფასებული, ხოლო მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები გამიზნული გრძელვადიან პერსპექტივაზე და არა დასავლეთისა და საქართველოს „ყვირალა“ სამოქალაქო საზოგადოების დაშოშმინებაზე.

ბოლოს და ბოლოს, ფულების რელიგიებს შორის გადანაწილება უფრო ბიზნეს გარიგებას ჰგავს, ციდრე შემწყნარებლობის ქადაგებას.

სტატიის ორიგინალური ვერსია იყო გამოქვეყნებული აზრები.გე-ს მიერ. იგი ხელმისაწვდომია აქ.