აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები მხოლოდ რუსეთით არ არის განპირობებული

ქართველების უმრავლესობისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების უკან ცალსახად რუსეთი დგას. მსგავსი ჩიხური აზროვნებიდან გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოცდილების გააზრებაა.

2017 წლის 27 სექტემბერს თბილისსა და სოხუმში აღნიშნეს ერთი ისტორიული მოვლენის ორი განსხვავებული ინტერპრეტაციის 24 წლისთავი. კერძოდ, თბილისმა „სოხუმის დაცემისა“ და აფხაზეთის ომის დასასრულის, ხოლო სოხუმმა კი „სოხუმის გათავისუფლებისა“ და მისი საქართველოსგან დამოუკიდებლობის წლისთავი აღნიშნა.

წლებია ორივე მხარე სრულიად განსხვავებულად აფასებს 90-იანი წლების დასაწყისში დატრიალებულ მოვლენებს. იმის მიუხედავად, რომ საქართველო მუდამ მიუთითებდა ამ კონფლიქტში რუსეთის როლზე, ქართულ საზოგადოებაში არსებობდა ერთგვარი შეთანხმება, რომ სისხლიანი დაპირისპირების მიზეზები მდგომარეობდა ორივე მხარეს, ქართველებსა და აფხაზებს შორის დაშვებულ შეცდომებში, რადიკალიზმსა და საერთო ენის პოვნის სურვილის არარსებობაში.

ბოლო ათწლეულია, ამ შეხედულების ცვლილების და წინა პლანზე უკვე კონფლიქტში უშუალოდ რუსეთის განსაკუთრებული როლის მნიშვნელობის ხაზგასმის მოწმენი ვართ. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ელიტებისა და მედიის სულ უფრო და უფრო დიდი ნაწილი წარმოაჩენს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებს მოსკოვის მიერ შექმნილ პოლიტიკურ ბერკეტებად. შედეგად, საკმაოდ პოპულარული გახდა ახალი კონცეფცია „ქართული მიწები ხალხის გარეშე“, რომლის თანახმადაც, სადავო ტერიტორიები ელოდებიან მათი ჭეშმარიტი მესაკუთრეების დაბრუნებას. ამ წარმოსახვით რეალობაში რუსეთის ფედერაცია არის ის ერთადერთი დაბრკოლება, რომელიც არ აძლევს ქვეყანაში 230.000 იძულებით გადაადგილებულ პირს დაუბრუნდნენ საკუთარ მიწა-წყალს.

რუსეთისუხილავი ხელი

ბოლო რამდენიმე წელია, საკმაოდ გავრცელდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ანალიზი ძირითადად ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე დაყრდნობით. ამის ფონზე, ფაქტობრივად, ისეთი მნიშვნელოვანი ცვლადი, როგორიცაა — ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობები, უკანა პლანზე აღმოჩნდა.

ეს ტენდენცია 2000-იანი წლების შუალედში იღებს სათავეს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როდესაც ხელისუფლებამ ქვეყნის დასავლურ ინსტიტუტებში (განსაკუთრებით, ნატო-ში) ინტეგრაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ მიმართულებამ თბილისსა და კრემლს შორის პირდაპირი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დაპირისპირება გამოიწვია.

ძლიერმა შიდა ზეწოლამ და გარე გამოწვევებმა იმდროინდელი პოლიტიკური ელიტების რადიკალიზაცია მოახდინეს. ამ პროცესში საქართველოს შიდა პოლიტიკურ მოვლენებში რუსეთის „უხილავმა ხელმაც“ შეიტანა წვლილი. მოსკოვი ხშირად ე. წ. განტევების ვაცად გამოიყენებოდა. ამ პროცესების მემკვიდრეობა დღესაც აქტუალურია კონფლიქტებთან მიმართებით.

კონფლიქტის მიზეზთა შორის მოსკოვის ჩართულობა საჯარო დისკუსიის ძირითად განსახილველ თემად იქცა; ხოლო ორმხრივი გაუგებრობა და მნიშვნელოვანი ისტორიული შეცდომები ჩრდილში მოექცა. ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობების მნიშვნელობის დაკნინებით ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ არსებობს კრემლის მიერ ოკუპირებული და ხალხის გარეშე დარჩენილი ქართული მიწები. ამავე თხრობის თანახმად, რუსეთის გეოპოლიტიკური ჭადრაკის დაფიდან ჩამოშორება გამოიწვევს კონფლიქტის დაუყოვნებლივ განმუხტვას.

ასეთი შეხედულება ასოცირდება ადრეული ზიონიზმის (სიონიზმის) მოძრაობასთან — „მიწა ხალხის გარეშე, მიწის გარეშე დარჩენილი ხალხისთვის“ — რომელიც მოუწოდებდა ებრაული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას პალესტინის ტერიტორიაზე. ორივე შემთხვევაში (ერთის მხრივ პალესტინა, ხოლო მეორეს მხრივ — აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) მიწები არასდროს ყოფილა უკაცრიელი. ისევე, როგორც არაბები ცხოვრობდნენ პალესტინის ტერიტორიაზე ათასწლეულის განმავლობაში, ასევე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დასახლებულია ეთნიკურად არარუსი მოსახლეობით, რომლთა მოსაზრებაც გათვალისწინებული უნდა იყოს.

არსებული რეალობა

ქართული პოლიტიკური ელიტები იმდენად არიან შეპყრობილნი რუსეთის „ფარული საფრთხით“, რომ ავიწყდებათ ან მიზანმიმართულად ხუჭავენ თვალს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დაპირისპირების მნიშვნელოვან ასპექტებზე.

ერთერთი ასეთი ყურადსაღები საკითხი არის რადიკალური ქართული ნაციონალიზმი, რომელიც 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დასაწყისში ბობოქრობდა. აღსანიშნავია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა, და მისი მომხრეების მოწოდებები, რომ სახელმწიფოდან „განედევნათ“ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც „არასასურველ ელემენტებს“ წარმოადგენდნენ.

ამასთანავე, ამ დროისთვის ეთნიკურად აფხაზ და ოს მოქალაქეებში უკვე სერიოზული უკმაყოფილება არსებობდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მათი სტატუსისა და უფლებების ირგვლივ შექმნილი ვითარებით. ქართულ არქივებში დაცულია სოხუმიდან და ცხინვალიდან საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მისამართით გაგზავნილი ღია წერილები, რომლებშიც ისინი მოითხოვენ ავტონომიას, მოსახლეობის უსაფრთხოების, ეთნიკური უმცირესობების უფლებებისა და კულტურული თვითმყოფადობის უზრუნველყოფას.

იმავე საარქივო მასალებით მტკიცდება სტალინი-ბერიას პერიოდში ქართველების მხრიდან აფხაზების მიმართ რეპრესიები. ჩვენ შეგვიძლია, აღვნიშნოთ, რომ ეს მოვლენებს საბჭოთა დიქტატურის დროს ხდებოდა, თუმცა აფხაზთა უმრავლესობას ძლიერი ისტორიული მეხსიერება აქვს და ისინი ორივეს, იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას (საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციის უფროსი), ეთნიკურად ქართულ წარმომავლობაზე მიუთითებენ.

ზემოთ მოყვანილმა ისტორიულმა მოვლენებმა სხვა ფაქტორებთან ერთად — მათ შორის რეგიონში რუსეთის ინტერესების ჩათვლით — განაპირობa ისეთი კონფლიქტის გაღვივება, რომელმაც ორივე მხარე დააზარალა. შესაბამისად, ქართულ-რუსული დაპირისპირების ფონზე, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში მოულოდნელად არ გამქრალან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ებრძოდნენ ქართველ „დამპყრობლებს“. ისინი კვლავინდებურად ცხოვრობენ სადავო რეგიონებში და ჩვენ შეგვიძლია, მარტივად წარმოვიდგინოთ ის, რომ მათ საქართველოში გავრცელებულ მონაყოლთან შედარებით განსხვავებული მოგონებები აქვთ.

რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო გარანტს წარმოადგენს, მაგრამ ეს ქართული მიწები არ არის „უკაცრიელი“. იქ არსებობს არაერთი ეთნიკური ჯგუფისგან შემდგარი მოსახლეობა, რომლის წინაპრები ან ნათესავები მონაწილეობას იღებდნენ თბილისისგან „თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

და კრემლის დახმარებით ან მის გარეშეც, მათ შეიძლება, გააჩნდეთ საქართველოში გავრცელებული შეხედულებებისგან განსხვავებული მომავლის ხედვა. იგი განპირობებულია ისტორიით და არაა მოსკოვის მიერ ხელოვნურად შექმნილი.

მომავალში საქართველოსთვის უფრო მიზანშეწონილი იქნება, მოხდეს არსებული ძირითადი შეხედულებების ხელმეორედ გადასინჯვა და ყურადღების გამახვილება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დაპირისპირებაში არსებული გამოწვევების მრავალფეროვნებაზე. ჩვენ გვესაჭიროება ხედვა, რომელიც არ ეყრდნობა ქართულ-რუსულ ჩარჩოს.

სტატიის ორიგინალური ვერსია გამოქვეყნებული იყო OC-Media-ს მიერ. იგი ხელმისაწვდომია ბმულზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *